22 მაისი, 2021

ირაკლი ფარჯიანის ახდენილი წინასწარმეტყველება

მხატვარ ირაკლი ფარჯიანის ხანმოკლე, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერ ცხოვრებაში არაერთი დაუჯერებელი ფაქტი მოხდა.

მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღეები მხატვარმა ალექსანდრე (ანზორ) მიქაძემ გაიხსენა:

“ბოლოს, საავადმყოფოში რომ გადაგვყავდა, მზერა მიმოავლო ირგვლივ და თქვა: აქ მე ვეღარ მოვბრუნდებიო. ასეც მოხდა. 19 დღე საავადმყოფოდან არ გამოვსულვარ, მის გვერდით მეძინა. ზოგჯერ წუხდებოდა კიდეც, მაგრამ არ მაღვიძებდა, იცოდა, რომ ძილი მაკლდა. მაშინ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით უამრავ თემაზე.
პიკასოს აქვს ნათქვამი: ყველაზე მეტად ხატვის ცოდნის მოცილება მიჭირსო. ეს წინააღმდეგობა მაშინ იჩენს თავს, როცა შემოქმედი მაღალ ეტაპზე გადის. ეს მომენტი ირაკლის ძალიან სერიოზულად ჰქონდა. ის მეტაფიზიკური ლანდშაფტები ამის მაგალითია.

მახსოვს, პირველი დღე იყო ირაკლის გარეშე, შევხედე ამ ლანდშაფტებს და სულისშემძვრელი აზრი დამებადა, რომ მას ეს ყველაფერი ნანახი ჰქონდა. ეს იქაური ლანდშაფტი იყო, არაბუნებრივი, არალამაზი, მაგრამ საოცრად ჰარმონიული. ნამდვილად დანახული ჰქონდა. რას ნიშნავს ეს დანახული? იცოდა ხოლმე ვიღაცის ნამუშევარზე თქმა, ეს მართალი არისო, ნამდვილი. რას ნიშნავს ეს ნამდვილი? – ვკითხე ერთხელ. რას ნიშნავს და ეს ამ კაცს აშკარად დანახული აქვსო. ეს ბავშვებს ახასიათებთ, იმდენად უშუალოები არიან. როდესაც ადამიანი ამას ცნობიერად მოახერხებს, უმაღლესი რანგის ხელოვანია. ირაკლის ჰქონდა ასეთი ეპიზოდი ცხოვრებაში. ერთ-

ერთი ექიმის მკაცრი განაჩენის შემდეგ (ასეთი პოტენციის ადამიანს, რომელსაც უამრავი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, უთხრეს, ყველაფერი დამთავრდაო) სამი დღე კედლისკენ გადატრიალებული იწვა, არ ეძინა. მოგვიანებით მითხრა: სამი დღე სადღაც, აბსოლუტურ სიცარიელეში ვიყავიო… მესამე დღეს, შორიდან თითქოს ზარის რეკვა შემომესმა, რომ მივაყურადე, თითქოს არაფერი, მერე ისევ, ნელ-ნელა მოიმატა ხმამ და მომიახლოვდაო. ჩემ მიერ გაკეთებული სახარების ფრაგმენტები დავინახეო. ამან მისცა ძალა, წამომდგარიყო და ეხატა. სამი დღე ისეთ ადგილას იყო, სადაც არც დრო და არც სივრცე არ მუშაობს. ამის მერე კიდევ იმდენი განსაცდელი გაიარა, რომ, შეიძლება ითქვას, ლანდშაფტების სერია, რომელიც გააკეთა, მართალია, ნანახი ჰქონდა.

ბოლოს სახარებაზე ტუშით უნდოდა ემუშავა. მომიტანა ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც შტრიხები ჰქონდა გაკეთებული და მითხრა, ასეთი მინდა გავაკეთოო. რაღაც სხვანაირი შრტიხი ჰქონდა, თითქოს სუნთქავდა.
ამის შემდეგ მოხვდა საავადმყოფოში. იქ თქვა: მე მუშაობა დავამთავრეო. გამხნევებას ვცდილობდი, მაგრამ ხელი გაიქნია და მითხრა, არა, მე ვეღარ დავხატავო. სამწუხაროდ, ასეც მოხდა.”