16 მაისი, 2021

გურამ პეტრიაშვილის მთავარი საფიქრალი

მწერალ გურამ პეტრიაშვილისთვის მთავარი საფიქრალი და საზრუნავი მისი სამშობლო – საქართველოა.

“საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო” – ასე ჰქვია მის ერთ-ერთ ლექსს, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ:

“საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო,
ვინ არ გდია კბილთა ღრჭენით, ბნელში თვალთა ბრიალით,
ყველა ისრის, ყველა ტყვიის სამიზნევ და ნიშანო!
გულს ნუ მიკლავ მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალით!
მიხვალ ბნელში, მიგაქვს ჯვარი, შუბლზე გამოხატული
და ციმციმი გზას გინათებს მანათობელ ჯვარისა.
მაგრამ მაგ შუქს ხედავს მტერიც, ავად წამომართული.
გაგცემს ჯვარი მოციმციმე და წკრიალი ზარისა.
მოდის მტერი ყოველი მხრით, ათასი ხმით მკივარი.
შენ კი ერთი უთვისტომო, ეული და მზებნელი…
მოდის ეშვი, კლანჭი, ბრჭყალი, ცეცხლი, ხმალი, ისარი,
ბნელს აწყდები უსასოო, ანთუ მხსნელთა მძებნელი.
ხან საცოდავ რქებსაც იქნევ, წრეში გამოკეტილი,
ხან ბედს ნისლში ემალები და ხანაც წინ მიუხტი,
მერე წამით მზე დაჩნდება – ზეცის თვალი კეთილი
და შენ ისევ მიბაკუნობ, საბრალო და ჯიუტი.
ისევა ხარ…გიმზერს მტერი, ავად წამომართული.
და არა და არ თავდება ბედის შავი ტრიალი
ან ეგ ჯვარი გშველის იქნებ შუბლზე გამოხატული
ან ღმერთს მოსწონს მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალი!”