14 მაისი, 2021

გურამ დოჩანაშვილის უდიდესი სასწაული

მწერალ გურამ დოჩანაშვილის შესახებ მისმა ერთგულმა მკითხველმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ არის ისტორია, რომელიც ბევრისთვის უცნობია და მას რეჟისორი ბუბა ხოტივარი იხსენებდა:

“იმ ჩვენს ძველ თბილისურ ეზოში, პირველ სართულზე ცხოვრობდა ხანშიშესული ცოლ-ქმარი – ფაცა კორძაია და სილოვან ემხვარი, – თითით საჩვენებელი ინტელიგენტები. სილოვან ბაბუა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც იყო პიპინია „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“ – ასევე ეცვა, ასევე ლაპარაკობდა და ასეთივე არისტოკრატი იყო. ის ხომ აკაკი წერეთლის დისშვილი გახლდათ, როგორც თვითონ ამბობდა ფარული თავმოწონებით – ქართველა აფხაზი თავადი და არა ვინცხა აზნოურიო. გვაცინებდა დღედაღამ, გვართობდა და წიგნებს გვიკითხავდა. ნარდის თამაში უყვარდა ეზოში, მაგრამ სულ აგებდა, – არ ჰქონდა აზარტი და თამაშზე კონცენტრაციას ვერ (ან არ) ახდენდა, – თამაშის დროსაც ჩვენ გვიყვებოდა ნაირ-ნაირ ამბებს და ხმამაღლა ხარხარებდა ჩვენთან ერთად. ბავშვები ძალიან განვიცდიდით მის გაუთავებელ დამარცხებებს და ვბრაზობდით, როცა უნდა ამდგარიყო, სხვისთვის დაეთმო ადგილი და წაგების ერთი მანეთი გადაეხადა დუხჭირი პენსიიდან.

ერთხელ გვითხრა:
„წაგებებს ნუ განიცდით, შვილებო, ყველა აზარტული თამაშობა ქვესკნელიდან მოდის. არასოდეს არანაირ აზარტს არ აყვეთ და აზარტს გატაცებაში ნუ აურევთ. გატაცებით სიყვარული ღმერთიდან მოდის, აზრტი კი სიყვარულს გამორიცხავს და ჯინიან ბოროტებაში გადადის“-ო. ისეთს გეტყოდა, ბავშვიც კი დაფიქრდებოდი ძალაუნებურად.

ერთი რაღაცნაირი შვილიშვილი ჰყავდათ, 17 წლისა. ბებია-ბაბუასავით გამხდარი და აწოწილი გურამი, მუდამ ცაში დიდის პატივისცემით მომზირალი, თან ისეთი დაკვირვებით, თითქოს ღრუბლებიდან ვიღაცის გამოჩენას ელოდებოდა წუთი-წუთზეო. ბავშვებს თავს მაინცადამაინც არ გვიყადრებდა და სულ გარე-გარე დაეხეტებოდა ძალზედ სერიოზული გამომეტყველებით, ვითომ რაიმე მნიშვნელოვანი საქმით ყოფილიყოს დაკავებული. სიარულისას გულში ისე იხუტებდა ვიოლინოს, თითქოს წართმევას უპირებენო. ორკესტრში უკრავდა ვაჟა აზარაშვილთან ერთად და სულ რაღაც მელოდიებს ღიღინებდა თავისთვის.

ერთი-ორჯერ ამოვიდა ჩვენთან, მერაბს დაკვრის დროს გვერდზე დაუჯდა და რაღაცაზე დაუწყო ჩურჩული შეთქმულის სახით. მერაბიც ასევე პასუხობდა და დაკვრას განაგრძობდა. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ უცბად მივხვდი, რატომ არ შეწყვიტა დაკვრა მერაბმა – სიტყვებს ფარავდა მუსიკით. მახსოვს, დედაჩემმა თვალები დამიბრიალა – გამობრძანდი აქეთ, რას მისჩერებიხარ ბიჭებს პირშიო.

მე კი დავიწყე მიხვედრა, რომ ეს გურამი არც მთლად უსაქმური ყოფილა და, რადგან მერაბი ასე ენდობოდა, ესე იგი რაღაცაში იყო საქმე…

ეს მევიოლინე გურამი იყო გურამ დოჩანაშვილი. მას, მერაბს, ზვიადს და სხვებს სრულიად საიდუმლოდ ანტისაბჭოთა არალაგალური ორგანიზაცია „გორგასლიანი“ ჩამოუყალიბიათ და პროკლამაციების გაკვრა დაუწყიათ. ეს მაშინ თავგანწირვა იყო, თვითმკვლელობის ტოლფასი. მართლაც, ერთ საშინელ დღეს გავიგეთ, რომ ბიჭები დაუჭერიათ, გურამი კი სასიკვდილოდ დაუჭრიათ გრძელი დანით ზურგში – ყველა მიხვდა, რომ ეს საბჭოთა უშიშროების საქმე იყო.

ვერ გადარჩებაო და ასეც უნდა მაგასო, აქაქნდნენ აივნიდან აივანზე ენაგადმოგდებული დედაკაცები, მაგათზე ვაჟკაცი კაცებიც კი ხვდებიან, რომ საბჭოთა სისტემას ვერასდროს მოერევიან და ვინ მიგდიან ეგენი ცხოვრებას რომ გვირევენო, ის ერჩივნოთ თავის სკრიპკებზე უპრუწუნონო.
ტაკ იმ ი ნადაო…

დედამ ემხვარებთან რომ ჩამიყვანა, იქ უკვე დაგვხვდა ოლიკო დემურია. ის ფაცა კორძაიას გვერდით ეჯდა და გაყინულ ხელებს უთბობდა. მათ გაქვავებულ სახეებს ვარდისფრად ანათებდა ძველი ნავთქურა. ისე იჯდა ეს ორი ქალი, როგორც გამოძერწილი ქანდაკება, როგორც ნახატი დიდი მხატვრისა, რომელმაც შექმნა სახეები წმინდანებისა, უსიტყვოდ რომ იყურებიან სადღაც შორს, სხვებისთვის მიუწვდენელ უმაღლეს სივრცეებში. ვერც ერთს სახეზე ვერ შეატყობდი ვერც გლოვას, ვერც ტანჯვას. ეს ხომ ასეთი ჯიშის ხალხი იყო – არასოდეს შეგაწუხებდა თავის უბედურებით.

სილოვან ბაბუამ ნავთი შემოიტანა საქმიანი ფუსფუსით და დაჯდა… ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. სილოვანმა გრძელი დაძაბული პაუზა ვერ აიტანა, აწრიალდა და ცრემლით თვალზე თქვა, შვილებს გვიხოცავენო. მამაჩემმაც, მგონი, ამოიოხრა. უცბად ორივე ქალი, განსაკუთრებით კი ნაზი, გამხდარი, თითქმის გამჭვირვალე ფაცა ბებია კოცონივით აენთო:

– ჩვენმა ბავშვებმა იციან, რას შესწირონ თავი და რას არა! არ არის აქ საჭირო კვნესა-ვაება! დაველოდოთ, თუ გურამი დაიღუპა, მერე ჩვენ ვიცით, უფროსებმა… თუ გადარჩა, ბავშვები თვითონ გვეტყვიან, რა გზას დავადგეთ… ჭკუის სწავლებას ნუ დავუწყებთ, ეგენი ჩვენსავით დაშინებულები არ არიან! ჩვენ ვიკითხოთ, საცოდავებმა, არაფრის იმედი რომ აღარა გვაქვს, თავის გადარჩენის ინსტინქტიც რომ დაგვაკარგინეს ამ ნადირმა ბოლშევიკებმა… მოთქმა და ცრემლი არ ვნახო აქ…

მამაკაცები დამნაშავეებივით გაისუსენ. ოლიკო დემურიამ ისევ მოკიდა ხელები ფაცა კორძაიას გაყინულ ხელებს და ისევ განაგრძო მათი გათბობა. ქალებმა ისევ დაიწყეს ყურება სადღაც შორს, მიუწვდენელ სივრცეებისაკენ…
რა ყოფილა ქართველი ქალი უკიდურესი უბედურების დროს, – მაშინ ვნახე, ათი წლისამ, 1956 წლის დეკემბერის ცივ საღამოს, ქალაქ თბილისში, ლერმონტოვის 25-ის პირველი სართულის პატარა, მოუწყობელ ბინაში…

დიდხანს, დიდხანს ებრძოდა გურამი სიკვდილს და მაინც გადარჩა. გადარჩა ღვთის სასწაულით – ყველა სიკვდილის ჯინაზე, ყველა მოტლიკინის ჯინაზე, გადარჩა დიდი მწერლობისთვის, ჩვენთვის დიდი სიხარულის მონიჭებისათვის – მას ხომ უნდა ჩამოეტანა დედამიწაზე ის ამბავი, რომელიც გაიგო იქ, საიდანაც მოგვიბრუნა ღმერთმა: „დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო“…

მხოლოდ მაშინ ატირდა ფაცა კორძაია, როცა გადარჩენილი შვილიშვილი დაუბრუნდა სახლში.

როცა ეს დღეები მახსენდება, შინაგანი ძალისა და უმოტივაციო სახარულის მოზღვავებას ვგრძნობ. ვხდები ბედნიერზე ბედნიერი და მინდა ყველას გავუზიარო ის, რაც ყველამ იცის უჩემოდაც: რა საოცრებაა ადამიანი, რა ამაღლებული, როგორი გამოუცნობი!

სულ ახლახანს ეს ამბავი რომ გავიხსენეთ, ვაჟა აზარაშვილმა ამოიოხრა, არავის გესმით, რა მევიოლინე დაკარგა ქვეყანამო!..”