გივი ალხაზიშვილის გულისგამგლეჯი ლექსი

მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე პოეტ გივი ალხაზიშვილის ლექსს “ნაყინის გამყიდველი” გულისგამგლეჯ ლექსს უწოდებს:

“იშვიათად წამიკითხავს ამაზე გულისგამგლეჯი ლექსი. მარტო ეს ლექსიც რომ დაეწერა, მაინც ჩემი უსაყვარლესი პოეტი იქნებოდა.

ნაყინის გამყიდველი

აი, ის კაცი,
ორმოცდაათს მიღწეული ჭაღარა კაცი,
ნაყინს რომ ყიდის მაღაზიის წინ,
ის ჩემი ძმაა.
ვინ იფიქრებდა –
ყველაზე უფრო იოლ საქმეს ხელს მოჰკიდებდა,
რომ დადგებოდა ჭრელი ქოლგის ქვეშ
და გამვლელს ნაყინს შესთავაზებდა.
დილა-საღამოს
ავტობუსიდან ვიყურები,
რომ ამდენ ხალხში მისი სახე გამოვარჩიო,
იგი ერთ-ერთი ბოლო მოწმეა ჩვენი ბავშვობის
და მეშინია მისი დაკარგვა.
ჩვენ ხომ ცურვა ერთად ვისწავლეთ
და ჰობოიზეც ერთდროულად ვსწავლობდით დაკვრას,
მაგიდასაც ხომ ერთად ვუსხედით სადილობისას
და მშვილდ-ისარსაც ერთად ვჩორკნიდით
ხან ბროწეულის, ხანაც შვინდის ტოტებისაგან,
ბებიაც ხომ ზღაპარს ერთად გვიამბობდა დაძინებისას,
ჩვენი სიზმრებიც ისე ჰგავდნენ მგონი ერთმანეთს,
როგორც ბავშვური ოცნებები, რომ არ ასრულდა.
მერე უეცრად დაიკარგა, ცხოვრებამ შთანთქა
და დიდი ხნით გაუჩინარდა.
მის მოლოდინში მივეჩვიე ლექსებად ფიქრს და
ფანჯარაში ვარსკვლავთა ცქერას
და ცრემლის ყელში შეგუბებას,
რომ თვალში არ გამოეღწია.
მერე დაბრუნდა
და რომ დაბრუნდა, ერთადერთი რამ,
რაც ამ განვლილ დროში ისწავლა –
გამუდმებული ტანჯვა იყო,
უფრო სწორად, ტანჯვის დათმენა.
გრძელ ხალათს იცვამს, სვირინგი რომ არ გამოუჩნდეს
და მწარე წლების ნაკვალევი არ გაამხილოს.
ის ახლა ზის და ნაყინს ყიდის,
თან ზუსტად იცის – დილა-საღამოს,
ჩვენმა თვალებმა ერთმანეთი როგორ მოძებნონ.
მე ვიხედები ავტობუსის ღია ფანჯრიდან
და ძმას დავეძებ გაფაციცებით,
იგი კი ამ დროს ჩავლილ ავტობუსს
თვალს აყოლებს, რათა როგორმე
დამინახოს და გამიცინოს.
ასე გრძელდება ყოველდღიურად:
– ჩვენ ბავშვობის საგზალს ვიზოგავთ,
ვიდრე ზაფხულის
ცხელი სეზონი ისევ გრძელდება.”