12 მაისი, 2021

დათაშკა კავსაძე – კახი კავსაძის სამაგალითო მამა

ლოტბარი დათაშკა-დავით კავსაძე – კახი კავსაძის მამა სამაგალითო ადამიანი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილმა საკონცენტრაციო ბანაკიდან ათობით ადამიანი გადაარჩინა.

მომღერალი წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ქართველ ტყვეთა ბანაკში ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა. დათაშკა კავსაძემ ამ “თანამდებობით” ისარგებლა და ქართული გუნდის შექმნის მიზნით საკონცენტრაციო ბანაკებიდან ტყვეები გამოიყვანა – არა მარტო ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები. მან სამაგალითო საქციელი ჩაიდინა – ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა.

ქართველ ტყვეთა გუნდი საფრანგეთში მართლაც შეიქმნა. კავსაძეების საოჯახო არქივში ამ გუნდის ფოტო ინახება. დათაშკა კავსაძემ დაწერა სიმღერა „თეთრი გიორგი“, გუნდი ასრულებდა ჰიმნს „დიდება“.

1945 წლის დეკემბერში ტყვეთა გუნდი გასტროლზე ამერიკაში უნდა წასულიყო, მაგრამ დათაშკა კავსაძემ სამშობლოში დაბრუნება არჩია. მონატრებული ოჯახი მას თბილისის რკინიგზის სადგურზე ელოდა.

სამწუხაროდ, მათი შეხვედრა არ შედგა – ლოტბარი სოჭში დააპატიმრეს. მეუღლემ, თამარ ცაგარეიშვილმა და შვილებმა – კახიმ და იმერმა ფრონტიდან დაბრუნებული დათაშკა პირველად უშიშროების იზოლატორში ნახეს.
საბჭოთა ხელისუფლებამ დათაშკა კავსაძე მალევე სამშობლოს მოღალატის ბრალდებით ციმბირში გადაასახლა, საიდანაც იგი აღარ დაბრუნებულა.

დათაშკა კავსაძე 1952 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა, არ არის გამორიცხული, რომ ლოტბარი დაეხვრიტათ კიდეც. დათაშკა კავსაძის საფლავი უცნობია.