ბუბა ხოტივარი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე

რეჟისორმა ბუბა ხოტივარმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე არაჩვეულებრივი ამბავი გაგვიზიარა:

“ვაძლევ თავს უფლებას და გაწვდით მცირე ფრაგმენტს ჩემი მოგონებებიდან „მაშინ, მეოცე საუკუნეში, ანუ – ბალღო, ესაა შენი სამშობლო“.

1974 წლის 5 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა ჯუანშერ თუთბერიძე, ჩემი უახლოესი ადამიანი. თავზარი დაგვცა მისმა გარადაცვალებამ – ასეთი უსამართლობით თითქოს დედამიწას გზა აერიაო, თითქოს ცხოვრებას საყრდენი გამოაცალესო, – ასეთი შეგრძნება დაგვეუფლა ყველას, ვინც იცნობდა ჯუნას… ასეთი კეთილშობილი ადამიანი, ასეთი ზნეობრივი, ასეთი ლამაზი სულიერად და ფიზიკურად არ შემხვედრია არც მის გაცნობამდე, არც მას შემდეგ, რაც უდროოდ წავიდა ამა ქვეყნიდან. ის იყო კაცი, ნამდვილი კაცი, ქართველი რაინდი, ის იყო იდეალი, რომელიც ცხოვრებაში, ალბათ, ერთხელ თუ შეგხვდება.

დაკრძალვის წინა ღამეს (10 აპრილს) მღვდელმა წესი აუგო გარდაცვლილს. მთელი ღამის განმავლობაში ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ომარ ციკოლია მუხლმოყრილნი და სანთლებით ხელში მღეროდნენ საგალობლებს. რამდენი ხანი ძლებს ადამიანი ნებაყოფლობით მუხლებზე დაჩოქილი? მე ნახევარი საათიც ვერ გავძელი. ზვიადი, მერაბი და ომარი კი მთელი ღამის განმავლობაში – მზის ამოსვლამდე – მორჩილად იდგნენ მუხლებზე, მღვდელთან ერთად დროდადრო სასახლეს ჩოქვით შემოუვლიდნენ, ლოცულობდნენ და გალობდნენ. ლოცულობდნენ და გალობდნენ ისეთი რწმენით, ისეთი ბავშვური გატაცებითა და გულწფელობით, რომ რამდენჯერმე თითქოს შევიგრძენი – ღმერთი მათ უსმენს, ღმერთი მათ მართლა უსმენს…

გამოცხადებას ჰგავდა ეს ზეციური სილამაზე: გალობის სტიქიაში მთლიანად ჩაფლული სამი ქართველი ვაჟკაცის მუდარითა და ტკივილით სავსე სახე; ზეციური ნათელით, ამაღლებული რწმენითა და თანაგრძნობით გაცისკროვნებული მათი ცრემლიანი თვალები; აბსოლუტური მუსიკალური სმენა, ურთულესი საგალობლების ყველა ნიუანსის ცოდნა; გალობისა და ლოცვის სულიერი ერთიანობის უნიკალური შეგრძნება – უხორცო ანგელოზების შთაგონება… თითქოს ზეციდან ისმოდა მათი ხმები და ისმოდა როგორც ერთი ხმა – ერთი განუყოფელი, მაგრამ ერთმანეთში გაურეველი და ერთმანეთისგან დამოუკუდებელი სამი ხმა – სამების ერთარსების უტყუარი ზეციური დასტური…

ღრმად ჩაფიქრებული მოჩურჩულე მღვდელი საკმეველით ხელში. მისი თავშეკავებული ლოცვა, მართლაც ჩურჩული ღმერთთან. თბილი და ყველაფრის გამგები, ყველაფრის მპატიებელი ალერსიანი მზერა.

ეს გალობა არ იყო მხოლოდ გალობა – ეს იყო სერიოზული, ვიტყოდი – თავგანწირული ბრძოლა გარდასულის სულის გადასარჩენად, ეს იყო დავიწყება საკუთარი თავისა და მიწიერი პრობლემებისა, ეს იყო უაღრესად მძაფრი შინაგანი მობილიზაცია, ყველა სულიერი რესურსის კონცენტრაცია ერთი მიზნის მისაღწევად: სული, რომელიც წარდგება ღმერთთან, უნდა გადარჩეს – ღმერთის ნებით, მაგრამ ჩვენის დახმარებითაც, ჩვენის ლოცვითაც, ჩვენის სიყვარულითაც, ჩვენის ერთგულებითაც…

კედელთან მიყუჟული გატრუნული ჭირისუფალნი გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდით ამ საღვთო მისტერიას. ისე დაგვათენდა, ვერც ვიგრძენით – სამოთხეში დრო ქრება. თანდათან ამ პატარა ოთახში შემოვიდა მზე და გაანათა ერთიანად ყველა – მღვდელიც, მგალობლებიც, გარდასულიც. ღვთის განგებით მოხდა სასწაული: გლოვა თანდათანობით შეიცვალა ამაღლებული გამწყობითა და წყნარი ბედნიერების შეგრძნებით. ჩვენს სულებში გამეფდა სრული ნეტარება. ყველამ ვიგრძენით და ეჭვიც არავის ეპარებოდა – სულმა ამჯერადაც სძლია ხორცს…

მეგონა, დილისთვის ზვიადს, მერაბს და ომარს მთელი ღამის დაძაბული ლოცვა-გალობის შემდეგ ქანცი გამოელეოდათ. დახმარების შეთავაზება რომ დავაპირე, სამივეს ერთდროულად გაეღიმა და ისე მსუბუქად წამოდგნენ, თითქოს არც კი გაეთენებიოთ მთელი ღამე მუხლებზე. დაღლილობა არც ერთს არ ეტყობოდა. რა დაღლილობა – მათ თითქოს შინაგანი სულიერი ძალების მოზღვავება იგრძნეს. მათ ხომ შეასრულეს ის, რაც უნდა შეესრულებიათ, მათ მოიხადეს ვალი გარდასულის წინაშე. გავბედავ და ვივარაუდებ – მათ ურთიერთობა დაამყარეს კეთილ ზეციურ ძალებთან…”