საბედისწერო 7 აპრილი გივი ბერიკაშვილისთვის

7 აპრილი მსახიობ გივი ბერიკაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ეს დღე მისმა შვილიშვილმა ანა მაისურაძემ გაიხსენა:

“ჩემი გივიკო

6 აპრილის ღამეს სიცხე ჰქონდა, მაგრამ ხვალ დილას წავალ საავადმყოფოშიო. დილას ადგა, ჰერკულესის ფაფა გაიკეთა, ჩაიცვა, დაიხურა, ბევრი არაფერი გამატანოთ, ორ დღეში დავბრუნდებიო დაიბარა და თავისი ფეხით წავიდა საავადმყოფოში.

სანამ სამსახურში წავიდოდი, ვიფიქრე, შევუვლი-თქო. ვარიანტად სამსახურის მერე მონახულებაც მქონდა, მაგრამ დილითვე წავედი.

იმ დილას, 2017 წლის 7 აპრილს შევხვდით ბოლოჯერ.

ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მე, როგორც ყოველთვის, თავზე დავატირე. დამამშვიდა, კარგი, პაპიკო, რა გატირებსო და ხელზე მაკოცა.

სიტუაცია უცებ, რამდენიმე წუთში ძალიან დამძიმდა. დაძინება და ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდება გახდა საჭირო. ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა.

ჩვეულებრივად, იმედიანად, ყოველგვარი დამშვიდობების გარეშე გადმოვინაცვლეთ მედიქლაბში. იქ სამი დღე ველოდებოდი, რომ ნებისმიერ წუთში შემოაღებდა კარს გაგვეხუმრებოდა, გაგვაღიმებდა და დამთავრდებოდა ეს კოშმარი. მედიქლაბიდან სახლში რომ წამოვიყვანეთ მაშინაც ასე მეგონა, სახლიდან თეატრში რომ წავიყვანეთ – მაშინაც. ბოლომდე ველოდი სასწაულს, რომელსაც ალბათ გულის სიღრმეში ყველა ელოდება ხოლმე.

დილის 8 საათიდან გამოპრანჭული მეეზოვეები, ჯიხურის გამყიდველები, “სტაიანშიკები”, თეატრები, მთავრობები, ერი, ბერი მოდიოდა მასთან გამოსამშვიდობებლად.

კიდევ ერთხელ ყველა გაგვაერთიანა, ბევრს ერთმანეთი თავიდან გვაპოვნინა, ერთ მუშტად შეგვკრა, ბევრი გვატირა, ბევრიც გვაცინა და მერე არსადაც არ წასულა.”