23 აპრილი, 2021

როსტომ ჩხეიძის ძალიან კარგი წერილი

მწერალი როსტომ ჩხეიძე მკითხველს ძალიან კარგ წერილს სთავაზობს სახელწოდებით “ბედისწერის წინაშე”:

“მწარე, მრუმე, გაუსაძლის სინამდვილეს შეჰყურებდა ლადო ასათიანი, მაგრამ იმედი მაინც არ დაეშრიტებოდა, რაკიღა სინათლის სხივსაც ხედავდა და თანამოძმეთაც ამით აგულიანებდა:

ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენიაო!..

სვეტიცხოვლის ხსენება იწვევდა კრწანისის მწუხარე მოგონებასაც და ასპინძის ჰეროიკის გახსენებასაც.

ახლა საქართველოს ეს ცხელი გული რიონის ხეობაში ასვენია, ამ თვალშეუდგამ, ზეცას შეწვდენილ ტაძარში, მაგრამ თუ მიწა გამოეცლება, ის ტაძარიც ერთბაშად ჩამოიმზღვლევა და ცხელი გულიც დაიწრიტება და გაცივდება, ქვადქცეული კი ვეღარც თავს უშველის და ვეღარც ჩვენ დაგვიხსნის საბედისწერო ჟამისაგან.
და ამიტომაც ჩვენზე ჰკიდია:

რიონის ხეობა და ნამოხვანი კრწანისად გვექცევა და ტაბახმელად თუ ბასიანად და ხრესილად.

კვლავაც ძველებურად იბობოქრებს საქართველოს ცხელი გული თუ დაფლეთილ-დაგლეჯილი ქარს გადაჰყვება უფსკრულში და თან ჩაგვიყოლებს.

ყველა ხეობა ჩვენი ქვეყნისა ახლა რიონის ხეობაში შეკრებილა.

ყველა სოფელი და ქალაქი იქით წასწრაფებულა.

ყველას გულისთქმაც და მზერაც იქაურობას მიბჯენია.

და ფეთქავს, ჯერაც ფეთქავს საქართველოს ცხელი გული რიონის ხეობის დიდ ტაძარში!..”