5 აპრილი, 2021

ნაგავში გადაგდებული ფიროსმანის ნახატი

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ნიკო ფიროსმანის ნახატი ნაგავში აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, ეს ნამდვილი ამბავია.

პაპუნა წერეთელი ფიროსმანის ერთ-ერთ ნახატთან დაკავშირებულ ისტორიას აღტაცებით ყვებოდა:

“კიბით რომ ჩამოვდიოდი ეზოში, უნებურად ჩემი ყურადღება მიიპყრო მუყაომ, რომელსაც ნაგავთან ერთად ხვეტდა მეეზოვე. რაღაცა ძალამ გამაჩერა: მუყაოს ერთ მხარეს რაღაც ლაქები ემჩნეოდა, მეორე კი არ იყო შეღებილი, ყავისფერი იყო, სწორედ ისეთი ფერისა, როგორი ფერისაც ნიკოს სურათებია.

უეცრად ფიქრმა გამიელვა – რა მოხდება, რომ?.. აღელვებით ავიღე ხელში მუყაო და ცხვირსახოცით გავწმინდე ტალახისგან.

და აი, ნაცნობი ოსტატის ხელმა გაიელვა! დიდი განცვიფრებით ვუყურებ, როგორ აღდგა ჩემ თვალწინ სოფლის ეზო, ქალი, კრუხი, წიწილებით…

დიახ, ეს ჩემი საყვარელი ფიროსმანიშვილი იყო, რომელიც ახლა კვლავ აღდგა ტალახისა და არარაობისგან!

ვკითხე მეეზოვეს, საიდან არის-მეთქი ეს სურათი. “მუყაო აქ ეგდო და მეც მივახვეტე ნაგავსო.” სურათი კი სრულებით არ იყო დაზიანებული.”