20 აპრილი, 2021

მისაბაძი ნინო ქათამაძე

მომღერალი ნინო ქათამაძე ნამდვილად მისაბაძია თავისი ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით. ხელოვანმა ილია ჭავჭავაძის ობელისკის მოწესრიგებაში მიიღო მონაწილეობა.

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი:

“ჩუმად გაკეთებული საქმე შესაძლებელია ძალიან ხმამაღლა ჟღერდეს.

ჩვენს დროში, ჭეშმარიტი ღირებულებები ძნელად თუ ვინმეს ახსოვს, საზოგადოება სხვა ინტერესებშია ჩაფლული. ასეთ დროს, ვინ იფიქრებდა, რომ ილიას მუზეუმისკენ მიმავალ გზაზე, ილიას ობელისკთან, ნინო ქათამაძეს შევხვდებოდით, ხერხითა და სასხლავით ხელში მომარჯვებულს. მომღიმარი სახით გვიხსნიდა, რომ ილიას ობელისკის მოვლა-პატრონობა ბედნიერებას ანიჭებდა და ამიტომ დაგვხვდა ამგვარად “შეიარაღებული”.

ზოგიერთი, აქ მხოლოდ ნგრევისა და მოპარვისთვის მოდის (სხვათაშორის, ობელისკის შესასვლელი თუჯის კარის ერთი ფრთა ახლახანს მოიპარეს, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება). შესანიშნავი მომღერალი და ღირსეული ადამიანი, ნინო ქათამაძე, ილიას ობელისკთან მცენარეების მოსავლელად მოვიდა. იქნება ეს კარგი საქმე მისაბაძი მაგალითი გახდეს სხვათათვის.

მადლობა ქალბატონ ნინო ქათამაძეს ზრუნვისა და სამაგალითო მოქალაქეობისთვის.”