12 აპრილი, 2021

გურამ რჩეულიშვილის სიტყვები ხომ გახსოვთ?

მწერლის გურამ რჩეულიშვილის სიტყვებს შეგვახსენებს ახალგაზრდა პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი:

“გურამ რჩეულიშვილის სიტყვები ხომ გახსოვთ?

“უკვე ტრაგედიად იქცა ჩემთვის ჩემივე უმიზნობა: არაფერი არ არის მთავარი, რასაც ვაკეთებ.”

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დღეს მთელი ერი ამ ტრაგედიაში ვართ გახვეული.

ჩვენ დაგვავიწყდა საკუთარი თავი, დაგვავიწყდა ვინ ვართ სინამდვილეში.

უსაგნოა ჩვენი ყველა მოქმედება, სიცოცხლის უმთავრეს აზრსა და შინაარსს მოკლებული.

იმას, რაც ხმლითა და გარდაუვალი სიკვდილითაც ვერ დაგვათმობინეს საუკუნეების განმავლობაში, დღეს ნებით ვთმობთ, ფულზე ვყიდით.

ვიღაცებმა თავს უფლება მისცეს, მიიტაცეს სახელმწიფო და ხალხისგან დაუკითხავად გაასხვისეს ჰექტრობით მიწა.

წეღან ასეთ კომენტარსაც გადავაწყდი, “ქართველი კაცის” დაწერილს, დიდი ამბავი მამა-პაპის საფლავები, ფობიები გვაქვსო.

ჯერ წინაპრების საფლავები რატომ არის ასე ასაგდები და შემდეგ იქ ზოგს ერთადერთი შვილი ჰყავს დამარხული!

მაშ, რიღასთვის ცხოვრობს ადამიანი?

თუ სალოცავები დატბორა, საფლავები, სახლ-კარი?

ბუნებრივია, დიდი პროექტების წინააღმდეგი არ ვარ, მათ შორის არც ჰესების, რა თქმა უნდა.

წინააღმდეგი ვარ ადამიანებთან შეუთანხმებლობის, მათი ნების საწინააღმდეგო მოქმედებების, მათი აზრის გაუთვალისწინებლობის და ეს უკვე არაერთხელ ვთქვი.

წინააღმდეგი ვარ ძალმომრეობის!

დროულად თუ არ გავიღვიძეთ და გამოვფხიზლდით, ხვალ სხვა საქართველოში გავიღვიძებთ, სადაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენც სხვებად ვიქეცით.”