17 აპრილი, 2021

გურამ რჩეულიშვილი და გურამ თიკანაძე – ტრაგიკული ბედისწერის მეგობრები

მწერალი გურამ რჩეულიშვილი და მთასვლელი გურამ თიკანაძე უახლოესი მეგობრები იყვნენ. ორივე მათგანი ტრაგიკულად სრულიად ახალგაზრდა დაიღუპა.

ორი უნიჭიერეს და გამორჩეულ გურამს ლელა ანჯაფარიძემ არაჩვეულებრივი წერილი მიუძღვნა:

“ორი გურამი ერთი საქართველოდან…
“ორი მთა… ორი ზღვა… ორი ცუნამი…
გურამი, ხოდა მეორე გურამი…
ნუ იტყვის მთელ პლანეტაზე ნურავინ,
რომ ჰყავდა ორი ასეთი გურამი…”

მართლა, რა საოცრებაა, ორი ასეთი გამორჩეული კაცი… ვინც იცნობდა, ყველა ბოლომდე იყო მათში შეყვარებული და თანაც პირველივე შეხვედრიდან…

ორივე გურამი… საოცრად ლამაზები, ნიჭიერები, ვაჟკაცები, სპორტულები, რისკიანები…
უახლოესი მეგობრები და ორივე ახალგაზრდობაში ტრაგიკულად დაღუპულები…
გურამ თიკანაძე – 30 წლის ასაკში, შხარადან დაშვების დროს…
გურამ რეულიშვილი – 26 წლის ასაკში, გაგრაში ადამიანების ზღვიდან გადარჩენისას…

გურამ თიკანაძე პროფესიით იყო გეოლოგი, ამავე დროს შესანიშნავი ფოტოგრაფი და ალპინისტი… მან ცხოვრებაში ორმოცამდე მწვერვალი დალაშქარა, გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი… მკაცრი შხარაც დალაშქრა, ხოდა, ეტყობა, მწვერვალმა ვერ აპატია…

გურამ თიკანაძე წერდა: “მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან, რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველ ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული… მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან.“
ამ დროს შესანიშნავად ცურავდა და წყლის თხილამურებზეც იდგა… (ფოტოზე)

გურამ რჩეულიშვილისთვის კი ზღვა იყო მთავარი სტიქია: „ცურვის დროს თითქმის არასოდეს არა ფიქრობენ, განსაკუთრებით, როცა მკლაურით მიდიან. ალბათ, ამიტომ მიყვარს ცურვა და ყველაზე მეტად მკლაური“.
ამ დროს, მთებშიც დადიოდა… (ფოტოზე)

საერთოდ ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ამ ორ ადამიანს ყველაფრის დაუფლება შეეძლო და უბრალოდ გადაინაწილეს ერთმანეთში ზღვა და მთა… ერთმანეთისთვის ხელი რომ არ შეეშალათ… ბარში კი ერთმანეთს ხვდებოდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარი სტიქიების ულამაზეს ისტორიებს….

გურამ რჩეულიშვილი წერდა: „მთებში დავდივარ ალპინისტი არ ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ და როგორც დედა იტყვის, „სტუდენტის სახე არ მაქვს“. ღვინოს ვსვამ – ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს. ცარიელა გული ვის რათ უნდა?“

გურამ რჩეულიშვილი პროფესიით ისტორიკოსი იყო, მაგრამ მოწოდებით მწერალი…
არ დაიზაროთ და გადაიკითხეთ ამ სულ ახალგაზრდა კაცის პროზა… გაიხსენეთ… მეც მეგონა, რომ მახსოვდა, მაგრამ… რამდენი სიღრმეა და გულისტკივილი…

მე კი გული იმაზე მტკივა, რომ წარმოვიდგენ, იმ დროს ასე თუ წერდა, რომ გაიზრდებოდა და დამწიფდებოდა, რა მწერალი ეყოლებოდა საქართველოს… მსოფლიო დონის!

მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ რუსი გოგონა გადაურჩენია… მერე აღმოჩნდა – ის გოგოც და კიდევ სამი კაცი – ორი რუსი და ერთი ქართველი… თანაც, ვერტმფრენი რომ მისულა, ჯერ ისინი აუშვია წინ და მერე ვეღარ მოახერხა ასვლა…

ახლა ცოტა უცნაურ რაღაცას ვიტყვი… ზოგჯერ მგონია, რომ ეს ორი მართლა მზეჭაბუკივით კაცი ვიღაცამ მაღლიდან ჩამოსვა დედამიწაზე და ან ჩვენ ვერ დავაფასეთ, ან „იქ“ მიხვდნენ, რომ ცოტა ნაადრევად მოსვლიათ და უკან წაიყვანეს…”