23 აპრილი, 2021

გოგა ფიფია – მაყურებლის რჩეული

მიუხედავად იმისა, რომ გოგა ფიფია პროფესიით მსახიობი არ ყოფილა და მხოლოდ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაყურებელს მაინც გამორჩეულად დაამახსოვრა და შეაყვარა თავი. პროფესიით ექიმი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნათანიელ ერიაშვილი:

“ერთი თბილისური ამბავი

დღეს ჩემ ერთ ახლობელთან ვსაუბრობდი, სიტყვამ მოიტანა და გოგა გავიხსენეთ, ფიფია. გოგას ბაბუა გავიხსენეთ, დიდი ქირურგი ეგნატე ფიფია, გოგას მამა, გულ-მკერდის ქირურგი ვახტანგ ფიფია, გოგას შვილი, უსაყვარლესი პატარა ვატო ფიფია, რომელიც ყოველთვის მოუთმენლად მელოდა, რომ მივსულიყავი და ერთად გვეხატა. პირველად მახსოვს სპილო დავუხატე და გაგიჟდა, მას მერე სულ სახატავი რვეულით და ფერად-ფერადი ფანქრებით მხვდებოდა, რომ არა ის ავბედით დღე გუდაურში, ძალიან მაგარი კაცი იზრდებოდა.

სახლში, რომ მოვბრუნდი, გამახსენდა რომ რატომღაც ამ ბოლო დროს არავინ არ იხსენებდა და საუბრობდა გოგას ადამიანური, კაცური თვისებების შესახებ. სწორედ ამან გადამაწყვეტინა მეთქვა ერთი-ორი სიტყვა.

გოგა პროფესიონალი მსახიობი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ის იყო ნამდვილი ექიმი და ადამიანი, იყო თავისი ოჯახისა და ნათესავების უზომოდ მოყვარული. მე არ მახსოვს, რამე მეთხოვა და ის არ გაეკეთებინა, ან მხარში არ დამდგომოდა.

ხანდახან ვფიქრობ, რომ ამყველაფერს თავისი მეუღლის, ჩემი ბიძაშვილის, ლალის სიყვარულით აკეთებდა. რა თქმა უნდა, ალბათ გარკვეულ წილად ასეც იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გოგას ყველას მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, ეხმარებოდა ყველას, როგორც ადამიანი და ექიმი.

გოგა რომ გარდაიცვალა, სოფელ ჯვარიდან, საიდანაც იყო წარმოშობით და სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან, ორი “იკარუსით” ხალხი ჩამოვიდა. ხალხი, რომლებთანაც გოგა ყოველ ზაფხულს ჩადიოდა და უანგაროდ, როგორც ექიმი ეხმარებოდა. ამ ადამიანებმა ბოლომდე პატივი მიაგეს გოგას…

დანარჩენი სხვა დროს იყოს. იმედია, ზოგიერთ ჩემ ნათესავს მოგონებები ავუშალე, ერთ-ორ სიტყვას შეაწევენ, გაიხსენებენ გოგას, ადამიანს, კაცს, რომელიც პირველივე დაძახებისთანავე მათ გვერდით იდგა.”