ვაჟა ფშაველას საოცარი წერილი ქალებზე

ვაჟა ფშაველას საოცარი წერილი ქალებზევაჟა ფშაველა ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ წერდა ქალებზე და მათ უფლებებზე. მისი წერილები დღეს, XXI საუკუნეში კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია:

“დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანაბარ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ – არა, რას იტყვი?
მე ამ საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისათვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას.

დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით.

დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი – ისინი ხომ მამაკაცები არიან – „კაი ბიჭობად“, „გულ-მაგრობად“ არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდგან დედაკაცები უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება.

იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალ-ტყავად გადაქცეული გემუდარება, გეხვეწება: „კაცო, ღმერთი-რჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი ვარ. სული ამომდის, ეს არის ვკვდები, წყალობა მოიღეო!“

მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიურის მოსაზრებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ მართლები ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდის… მრწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთი უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში… შენ როგორც გნებავს, ისე იფიქრე;

საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მე მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხარო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ…

ჰოი დედანო, მარად ნეტარნო!
ვინც თქვენ გიმტეროს, ღმერთმა იმას უმტეროს!”