11 მარტი, 2021

გიორგი კალანდია: “რატომ ვწერ ახლა ამას?!”

– რატომ ვწერ ახლა ამას?! იმიტომ რომ გაოგნებული ვარ ამდენი ღლიცინით, ურთიერთ ბულინგით, დაცინვით, სიძულვილის ენით.. საუკუნეები გადის და არაფერი იცვლება, უფრო სწორად ურთიერთის სიძულვილის კოეფიციენტი იცვლება უარესობისაკენ, – აცხადებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია:

“ილიას მკვლელობის დღეს მოხუცს რომ საშინლად მოუშხამეს გრძნობა, “ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ” ისიც რომ ათქმევინეს ეს ვიცოდი, მაგრამ მანამდეც არაერთხელ რომ უწყენინებიათ მგოსნისათვის ქართველებს ეს არ ვიცოდი! უფრო მეტიც მთლად საიუბილეო ღონისძიებაზე აკრიტიკებდნენ და საყვედურობდნენ თურმე ჩვენს სასიქადულო პოეტს.

ბაქოში აკაკის საიუბილეო ღონისძიებაზე დარბაზში მდგომარეობა მას შემდეგ დაძაბულა, რაც მუშათა სახელით გამოსულს ორატორს აკაკი მკაცრად გაუკრიტიკებია, კერძოდ უთქვამს:

“თქვენი მსოფლმხედველობა არ ეთანხმება ჩვენსას… ჩვენს გულში წყენას იწვევდა ხალხის ზოგიერთი საგნის ცალმხრივათ, დამახინჯებულათ დახასიათება თქვენ მიერ…. გვწყინდა, რომ დავრჩით მოტყუებული მგოსნისაგან, თორემ სხვისი ნაწარმოები რომ ყოფილიყო და არა აკაკის, მაშინ არც გავიხსენებდით. მეორე საწყენი შეგვხვდა მესამე დასელთა შესახებ… თქვენ, დიდებულო მგოსანო, არა თუ არ მოიწონეთ ახალი მოძღვრება, არამედ მის მატარებლებზე სთქვით: მესამე დასელები თუმცა გულწრფელები, მაგრამ შემცდარი ხალხია და ეს იმიტომ, რომ ისინი არიან უსწავლელი, განუვითარებელი ხალხი, არ იცნობენ თვით იმ მოძღვრებას, რასაც ეყრდნობიან და რაც ავტორმაც უარჰყოო.”

დიახ, მხოლოდ საქართველოში შეუძლია მუშას გააკრიტიკოს აკაკისთანა მგოსანი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მსოფლმხედველობა მგოსნისას არ ემთხვევა!

რატომ ვწერ ახლა ამას?! იმიტომ რომ გაოგნებული ვარ ამდენი ღლიცინით, ურთიერთ ბულინგით, დაცინვით, სიძულვილის ენით.. საუკუნეები გადის და არაფერი იცვლება, უფრო სწორად ურთიერთის სიძულვილის კოეფიციენტი იცვლება უარესობისაკენ.”