27 მარტი, 2021

გია ლეჟავა – უსამართლოდ დაჩაგრული მსახიობი

თეატრისა და კინოს მსახიობი გია ლეჟავა ყოველთვის გულწრფელად ამბობდა:

“მე თუ მკითხავთ, მსახიობს ნიჭთან ერთად, უთუოდ იღბალიც სჭირდება, ან კარგი პატრონიო”. უსაზღვრო ნიჭისგან განსხვავებით, პატრონი მას არ აღმოაჩნდა და სრულიად უსამართლოდ დაიჩაგრა – არ იქნა გამოყენებული მისი შესაძლებლობები.

ლარისა ხაჭაპურიძე:

“მე და გია თეატრალური ინსტიტუტიდან ერთად მოვდივართ. საოცრად მომხიბლავი იყო, გოგოები ეპრანჭებოდნენ, მახსოვს ერთი გოგონა კონსერვატორიიდან, სპეციალურად ოსტატობის ლექციებს გიას ჯგუფში მისი სიყვარულის გამო გადიოდა. ბუნებით პატიოსანი, სულით ხორცამდე ინტელიგენტი იყო.

თეატრალურ ოჯახში გაიზარდა და თეატრით ცხოვრობდა. ის ინსტიტუტშივე გამოირჩეოდა თავისი ლაპარაკის მანერით, განსხვავებული აზროვნებით, მისთვის ჩვეული და ჩვენთვის უჩვეულო სახის გახსნით. მახსოვს რეჟისორმა ლევან მირცხულავამ, უკვე ინსტიტუტშივე დადგა სპეციალურად მისთვის “ფიგაროს ქორწინება”, რადგან მასში ხედავდა ძალას და ამ როლისათვის საჭირო პოტენციალს.

მართლაც უჩვეულო და საოცარი ფიგარო იყო გია – პლასტიური, საოცრად საინტერესო მიხვრა-მოხვრით, მეტყველი დიდი თვალებით, განსხვავებული, რაღაც მისეული იუმორით, მეტყველებით და მანერით საოცრად უხდებოდა და კიდეც მოიხდინა და მოირგო ეს როლი. ფიგაროს კოსტუმს ისე ატარებდა, გეგონებოდათ სწორედ ამ კოსტუმში დაიბადაო. მან მრავალი საინტერესო სახე შექმნა, როგორც ჩვენს რუსთავის თეატრში, ასევე ქართულ და რუსულ კინომატოგრაფიაში.

ეს უპატიოსნესი კაცი, კინოში სულ ქურდებს და ნაძირლებს თამაშობდა, სხვათაშორის, ეს ფაქტი მას ძალიან აღიზიანებდა. თვითონ ხშირად უთქვამს: “ისეთი გარეგნობა მაქვს, მხოლოდ უარყოფით პერსონაჟებს რომ უხდება, არადა სინამდვილეში – “გულით კეთილი გახლავართ, ფულით საკმაოდ ღარიბი, ეკრანზე ქურდებს ვთამაშობ, ცხოვრებაში ვარ ჰარიფი.”

მე ხშირად მითქვამს და ასე მგონია, რომ მთავარი როლის თამაში გაცილებით ადვილი შესასრულებელია, ვიდრე ეპიზოდური ორსიტყვიანი როლის, ვინაიდან მთავარ როლში არის დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია და ფინალი. ეპიზოდურ როლში, როდესაც სულ ერთი ან ორი წყთით დგახარ სცენაზე, უნდა მოასწრო იმ შენი როლის (ეპიზოდის) მაყურებლამდე ისე მიტანა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი კომპონენტიდან არც ერთი არ გამოგრჩეს. ეს ძალიან ძნელია. აი, სწორედ ეს შეეძლო გია ლეჟავას ის იყო ეპიზოდური როლების უბადლო შემსრულებელი. როდესაც გია სცენაზე გამოდიოდა, ყოველთვის უმაღლეს ჯილდოს, მაყურებლის გულწრფელ ტაშს იღებდა და საკმაოდ უხვად. ამ დროს ჩვენ მისი პარტნიორები ამაყები ვიდექით სცენაზე, ხოლო თუ მთავარ როლს მიიღებდა, მაშინ ხომ მისი ნიჭის როლში გაშლას საზღვარი აღარ ჰქონდა.

გიამ მრავალი და საინტერესო როლი შექმნა სცენაზე. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ვისაც ნანახი აქვს მის მიერ შესრულებული: კლავდიუსი “ჰამლეტში”, ნიკო თურქი “ცოდვის შვილებში”, ანტონიო “ფიგაროს ქორწინებაში”, ჯადო შადური “სპირალში”, ტიტე ნატუტარი “ყვარყვარე თუთაბერში” არასოდეს არ დაავიწყდება, იმდენად საინტერესო და თვითმყოფადია, მის მიერ განსახიერებული სახეები (როლები.) როდესაც “ყვარყვარე თუთაბერში” თამაშობდა “ტიტე ნატუტარს” სცენაზე მდგომი მსახიობებიც ვერ იკავებდნენ სიცილს მისი გამოჩენისას.

სიტყვა კარგად უჭრიდა, წერდა ლექსებს და ფუნაგორიებს, რუსთავის თეატრის იუბილეზე, ყველა მსახიობს მოგვიძღვნა ლექსი, რომელშიც თვითოეული ჩვენთაგანის ავ-კარგი იყო გადმოცემული. ყოველ პრემიერაზე კანფეტებს მოიტანდა და თითო-თითო ცალს გვირიგებდა. უჭირდა ქვეყანას და უჭირდა გიასაც. მისი “მოკრძალებული” ხელფასი მეტის უფლებას არ აძლევდა უფრო მეტიც, გოგი ქავთარაძე დგამდა “დავით აღმაშენებელს” ერთ-ერთი მთავარი როლი გიას მისცა. გიამ როლზე უარი თქვა:
– ბატონო გოგი, არ მინდა მთავარი როლი, რაიმე პატარა ეპიზოდი მომეცი-ო.
ბატონი გოგი გაოგნდა:
– მსახიობები პირიქით მთხოვენ და შენთან რა ხდებაო?
გიამ ჩვეული სიდინჯით უპასუხა:
– ბატონო გოგი, მაგ როლის თამაშს დიდი ძალა უნდა, მე მაგ ძალას მარტო შავი პურის ჭამით ვერ მოვაგროვებ!-ო.

უჭირდა ქვეყანას და უჭირდა გიასაც. ქვეყანაში დაბალი ხელფასები იყო და მითუმეტეს მსახიობის ხელფასი და ისიც ჩვენს თეატრში.
სამწუხაროდ ასე იყო. გიას უკანასკნელი პარტნიორი მე ვიყავი. ხომ გახსოვთ “ფიგაროს ქორწინებაში” ის მებაღე “ანტონიო” იყო, მე კი – მისი ცოლი “ანტონელა”. პიესაში არარსებული როლი, რომელიც სპეციალურად ჩემთვის მოიგონა ბატონმა ჭოლამ.

ძალიან სახიერი იყო ამ როლში, ბევრს ფიქრობდა თავის როლზე, ერთ რეპეტიციაზე, ბავშვის სათამაშო სასტვენი მოიტანა და ისეთ შესაფერის მომენტში დაუსტვინა, ყოველივე თითქოს ისე უბრალოდ, თანაც ისე უშუალოდ და სასაცილოდ გააკეთა, ჭოლას კი ისე მოეწონა, რომ სპექტაკლში დატოვა.

შემდგომში ამ ეპიზოდური როლის მაღალ დონეზე და საუკეთესოდ შესრულებისათვის თეატრალური საზოგადოების პრემიაც მიიღო, რომელიც თეატრის დღეს საზეიმო ვითარებაში გადაეცა. ეს იყო მისი ბოლო როლი.

რა სიმბოლურია “ფიგაროს ქორწინებით” დაიწყო და დაამთავრა თავისი თეატრალური და შემოქმედებითი მოღვაწეობა. იყო ღვთისმოსავი, ლოცულობდა, მარხულობდა, ზიარებას იღებდა და ეკლესიურად ცხოვრობდა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს ლექსი დაწერა და დაგვიტოვა:

“როდესაც დაკრავს ჩემი საათი,
შენი განგებით, უფალო ჩემო,
მე აღმომხდება უკანასკნელად
ღვთითკურთხეული მამაო ჩვენო!
მოვა დრო და უფლის ნებით
წამიღებენ ბოლო გზაზე
და ტაძარში ნაკურთხ ღვინოს
წააქცევენ ჩემს საფლავზე!
ქრება სიცოცხლე ჯამბაზის,
ერთი უბირი ოხრისა,
იდიოტურად მთავრდება
ცხოვრება იდიოტისა…
ცხოვრებაში ლოთის გეგმა
ხუთიანზე შევასრულე
და სცენაზე კარიერა
ლოთის როლით დავასრულე.”

ძნელია მსახიობის ცხოვრება. ხშირად იცოდა თქმა:

– “მე თუ მკითხავთ, მსახიობს ნიჭთან ერთად, უთუოდ იღბალიც სჭირდება, ან კარგი პატრონი”-ო.

იღბალი არ აღმოგაჩნდა, ჩემო გია, და შენი სცენის ფარდა ადრე, სპექტაკლის დამთავრებამდე დაეშვა.”