16 მარტი, 2021

გადასახლება პაოლო იაშვილის კუბოს აწევისთვის

ცისფერყანწელმა პოეტმა პაოლო იაშვილმა მწერალთა სახლში თავი მოიკლა, რაზეც მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა: “ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა!”

ბევრისთვის ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ პაოლო იაშვილის კუბოს აწევისთვის მისი ძმისშვილი ნოდარ (კუკური) იაშვილი 18-წლიანი გადასახლებით “დაასაჩუქრეს”.

ჯიმშერ რეხვიაშვილმა გაიხსენა ამბავი, რომელიც ზურაბ აბაშიძემ უამბო:

“პაოლო იაშვილის ძმის შვილი, ნოდარ (კუკური) იაშვილი 18 წლიან გადაასახლებაში იყო. რა იყო მისი დანაშაული: თურმე პაოლოს კუბოს შედგომია, უტარებია სასაფლაომდე და მერე სადღეგრძელოც დაულევია.

გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, ხელის თითები სულ დაგრეხილი ჰქონდაო. ათქმევინეს, რომ ბევრი ქვეყნის აგენტი იყო. ვახელებდით ბავშვები, კუკური ბიძია, კიდევ რომელი ქვეყნის აგენტი იყავიო. რა ვიცი, ბოშო, კიდევ რომელი ქვეყნები იყოო, გვიპასუხებდა ხოლმეო.”