აკაკი შანიძის გაფრთხილება

აკაკი შანიძის გაფრთხილებაენათმეცნიერი აკაკი შანიძე ჯერ კიდევ 1917 წელს გვაფრთხილებდა, რომ ფხიზლად ვყოფილიყავით:

“აბა, ფხიზლად ქართველებო, მივყვეთ მამა-პაპის კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს და ნუ ვაღებთ დარიალსა!
მოსწონდათ და ახლაც მოსწონთ ჩვენი ქვეყნის მთა და ველი:
მზით დამწვარი ჰიჯაზელი, გაყინული ჩრდილოელი,
სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი, ბერძენი თუ რომაელი –
ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა, ყველა მაშრიყ-მაღრიბელი.
იყო დრო, როს მმართველობა, სამართალი გვქონდა სხვისი,
ბაღდათსა თუ ყარაყორუმს გზები გვედო ათას დღისი.
მტრისგან ბევრჯელ დარბეულა ტფილისი და ქუთაისი,
იმედს მაინც არ ვკარგავდით – სული გვახლდა შოთაისი.
სად არ დგმულა ჩვენი ფესვი: სისხლი სად არ დაგვიღვრია?
ერანს, თურანს, ავღანისტანს – ყველგან ჩვენი ძვლები ჰყრია.
ფიცხელ ომში გახურვებულთ ევფრატ-დიჯლა დაგვიშვრია,
ჩვენის სისხლით შეღებილი ვისლა დღესაც არის მღვრია.
ოთხი დიდი სახელმწიფო მოგვიჭამ-გაგვიცვეთია:
სადღა არის ძველი რომი ან ძლიერი სპარსეთია?
არაბების ძლიერება, ამბობენ, დღეს ზღვის წვეთია.
ვის ახსოვან მონღოლები? სხვების ბედიც აგეთია!
სამი ათას წელზე მეტი გვიცხოვრია, როგორც ერსა.
მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა.
უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა.
გვიმღერნია, კვლავაც ვიმღერთ ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა.
სანამ იდენს ალაზანი, ჭოროხი და რიონ-მტკვარი,
სანამ თავზე მცველად გვადგას ცივ-გომბორი, ლიხ-მყინვარი,
არ მომკვდარა, არც მოკვდება საქართველო მოცინარი;
მეტად აღარ შემცირდება მისი სივრცე, მისი მზღვარი.
აბა, ფხიზლად, ქართველებო! მივყვეთ მამა-პაპის კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს, ნუ!!! ნუ ვაღებთ დარიალსა!!!”