ურიელ აკოსტა – ყველაზე ხანდაზმული სპექტაკლი

ურიელ აკოსტა - ყველაზე ხანდაზმული სპექტაკლი“ურიელ აკოსტა” ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გახმაურებული სპექტაკლია.

მის საინტერესო ისტორიას რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გვიზიარებს:

“ერთი სპექტაკლის ამბავი ანუ ყველაზე ხანდაზმული ქართული წარმოდგენა

დღევანდელ დღეს, 2 თებერვალს, 1929 წელს, ქალაქ ქუთაისში შედგა ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სპექტაკლის „ურიელ აკოსტას“ პრემიერა.

წარმოდგენა ოფიციალურად ხუთჯერ აღადგინეს, თუმცა ცალკეულ მთავარ როლებზე ახალი მსახიობების შეყვანა გამუდმებით მიმდინარეობდა.

სპექტაკლისთვის კარლ გუცკოვის პიესა ცნობილმა ცისფერყანწელმა ვალერიან გაფრინდაშვილმა თარგმნა. მართლაც გასაოცარი პოეტური თარგმანია. დამდგმელი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი იყო, თუმცა ვიდრე დიდი მაესტრო რეპეტიციების ბოლო ეტაპს შეუერთდებოდა, სპექტაკლის დადგმას ახალგაზრდა რეჟისორი გრიგოლ სულიაშვილი შეუდგა. მუსიკა თამარ ვახვახიშვილს მიანდეს, ქორეოგრაფია დავით მაჭავარიანს, ხოლო ამ სპექტაკლში პრაქტიკულად დაიბადა სრულიად ფანტასტიკური ქართველი მხატვარი პეტრე ოცხელი. მას მანამდეც ჰქონდა უკვე გაფორმებული სპექტაკლები, მარჯანიშვილმაც სწორედ ერთ-ერთი ნახა თბილისის მუშათა თეატრში და თეატრში მიიწვია, თან იმ პერიოდში ოცხელების ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა. ჯერ შალვა დადიანის „კაკალ გულში“ მიანდო, ხოლო შემდეგ „ურიელი“.

კოტე მარჯანიშვილისა და ვერიკო ანჯაფარიძის ჩანაწერების მიხედვით, უკვე ლეგენდასავით ჩარჩა თეატრალთა მეხსიერებაში, რომ სპექტაკლის გენერალური რეპეტიცია ჩავარდა, თუმცა რეჟისორი არ კარგავდა იმედს რომ ტრიუმფი შედგებოდა.

…და ტრიუმფიც შედგა. დაიწერა კიდეც „მარჯანიშვილმა თავის გენია სამშობლოს დაუბრუნაო…“

საპრემიერო სპექტაკლში ურიელი უშანგი ჩხეიძე იყო, ივდითი – ვერიკო ანჯაფარიძე, დე სანტოსი – ალექსანდრე იმედაშვილი, დე სილვა – შალვა ღამბაშიძე, ესთერი – ელენე დონაური, ბენ აკიბა – ალექსანდრე ჟორჟოლიანი, სპინოზა – ირინა დონაური, რუვიმი – სერგო ზაქარიაძე, იოველი – 18 წლის გიორგი შავგულიძე, მანასე – მიხეილ სულთანიშვილი…

პრაქტიკულად საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, მალევე შეიცვალა ალექსანდრე იმედაშვილი და დე სანტოსის როლზე ერთდროულად ორი მსახიობი შეიყვანეს მიხეილ სარაული და გრიგოლ კოსტავა.

საინტერესო ისტორიაა, თუ რატომ წავიდა იმედაშვილი სპექტაკლიდან. ლილი იოსელიანის ნაამბობიდან ასეთი ვერსია მაქვს… მოკლედ, ვისაც ნანახი გაქვთ “ურიელი” გემახსოვრებათ მეორე მოქმედების ბოლოს სცენა – ურიელის დაწყევლა, რომელსაც სწორედ დე სანტოსი ახორციელებს. ყოველი წყევლის შემდეგ, ის ერთი კიბის საფეხურით გადაადგილდება ურიელისკენ და ამ გადაადგილებებს თან მიჰყვება თამარ ვახვახიშვილის მუსიკალური აქცენტი. საკმაოდ ეფექტური ეპიზოდია, თუმცა იმედაშვილს ეს არ მოსწონდა. ჩემს გასაკეთებელს მუსიკას აკეთებინებთო ამბობდა თურმე. პრემიერაზე დასს არ უღალატა, მაინც ითამაშა, თუმცა მალე წავიდა სპექტაკლიდან.

2 სეზონის შემდეგ ივდითის დუბლიორად დაინიშნა მსახიობი ნუნუ მაჭავარიანი. რომელიც მარჯანიშვილის “ოტელოში” დეზდემონას როლის პირველი შემსრულებელი იყო, ვერიკო ანჯაფარიძე კი – დუბლიორი. პარალელურად ამისა ურიელის როლზე დანიშნეს სრულიად ახალგაზრდა პიერ კობახიძე.

1932 წელს ვერიკო ანჯაფარიძე წელიწადნახევარი თეატრიდან იყო წასული, სწორედ ამ პერიოდში ივდითის როლზე სესილია თაყაიშვილიც შეიყვანეს, ხოლო დე სანტოსზე – ვასო გოძიაშვილი, თუმცა ვერიკოს თეატრში დაბრუნების შემდეგ, სესილიას ივდითი აღარ უთამაშია. გენიალურად ახსნა თავად ქალბატონმა სესილიამ ეს ამბავი. როცა ვითამაშეო, ისეთი ოვაცია მივიღე, ჩემთვის ვფიქრობდი – რის ვერიკო, რა ვერიკო, მე ვიყავი რაც ვიყავიო, აი, ვერიკო რომ დაბრუნდა თეატრში და „ურიელშიც“ შეაბრუნეს პირველივე სპექტაკლზე მივედი და პარტერიდან ვუყურე, ადრეც მყავდა რასაკვირველია ნანახი, მაგრამ ახლა დუბლიორის პოზიციით ვუყურებდიო… პირველი მოქმედება დამთავრდა თუ არა, მივხვდი, რომ ის ოვაცია, რაც მე მომეჩვენა რომ გამიმართეს – სპექტაკლს ეკუთვნოდა, ნამდვილი ივდითი კი ვერიკო იყოო, შევედი სასწრაფოდ დირექტორთან და დავწერე განცხადება, რომ აღარასოდეს მეთამაშა როლი, რომელიც მხოლოდ ვერიკოს ეკუთვნოდაო.

იყო ესეთი ფაქტიც ამ სპექტაკლის ისტორიაში, როცა მარჯანიშვილის საიუბილეოდ გამართულ სპექტაკლზე რის ვაი-ვაგლახით დაითანხმეს უშანგი ჩხეიძე სცენას დაბრუნებოდა, მანაც ჩაიცვა კოსტიუმი, გაიკეთა გრიმი, შევიდა სცენაზე, პირველი ფრაზაც წარმოსთქვა: „მე აქ მოვედი იმისათვის, რომ შენ ეს გსურდა…“ ფეხზე წამომდგარმა დარბაზმა ნამდვილი ოვაცია მოუწყო დიდ არტისტს, თუმცა ამ ემოციას თავად უშანგი ვერ მოერია და უცებ სცენა დატოვა. კულისებში, ყოველი შემთხვევისთვის (ეტყობა მაინც გრძნობდნენ რომ უშანგი ვერ შეძლებდა ბოლომდე თამაშს) მომზადებული პიერ კობახიძე იდგა და სწორედ მან გააგრძელა სპექტაკლი.

1950 წელს მოხდა პირველი აღდგენა და „ურიელის“ როლში სერგო ზაქარიაძე წარდგა მაყურებელთა წინაშე. ამ პერიოდში პირველი თაობის არტისტების უმრავლესობა ცოცხალი იყო და პრაქტიკულად არ შეცვლილან, თუმცა პატარა როლებზე იცვლებოდნენ მსახიობები. მაგალითად ესთერს – ელენე სიბილა თამაშობდა, რუვიმს – ედიშერ მაღალაშვილი, მოგვიანებით თენგიზ არჩვაძე და ასე შემდეგ. სწორედ ამ პერიოდში მანასეს როლზე სრულიად ახალგაზრდა გიორგი ტატიშვილი დანიშნეს. ამ აღდგენამ 1963 წლამდე იცოცხლა. ურიელს მონაცვლეობით თამაშობდნენ სერგო ზაქარიაძე და პიერ კობახიძე, რამოდენიმეჯერ ათამაშეს ახალგაზრდა იაკობ ტრიპოლსკისაც. სწორედ მასთან ერთად ივდითის როლზე დოდო ჭიჭინაძე შეიყვანეს.

იყო ერთი კურიოზული სპექტაკლი, როცა მეორე მოქმედების ფინალში: „ახლა ჩემი ხარ, ჩემი ურიელ…“ მონოლოგის დასრულების შემდეგ სიმაღლიდან დაშვებისას ვერიკომ ფეხი ცუდად დაადგა, წაიქცა და ხელი მოიტეხა. საათნახევარი ელოდებოდა მაყურებელი მესამე მოქმედების დაწყებას. ვერიკოს დუბლიორი დოდო ჭიჭინაძე სასწრაფოდ გამოიძახეს თეატრში, თუმცა თავად ვერიკომ აიჩემა მე დავასრულებ სპექტაკლსო და ასეც მოხდა. ასე რომ ბოლო ორი მოქმედება მაყურებელს თაბაშირიანი ივდითი ჰყავდა. სხვა დრო იყო, სხვანაირად უყვარდათ არტისტები. ელოდნენ, არავინ არ წასულა სახლში.

ამ სპექტაკლს ტრაგიკული ისტორიაც ახლავს თან. 1963 წელს მარჯანიშვილის თეატრი საგასტროლო ტურნეს მართავდა საქართველოს შავი ზღვისპირეთში. ბათუმში ბოლო საგასტროლო სპექტაკლი „ურიელი“ იყო. მესამე მოქმედების ფინალში, დედასთან სცენის ბოლოს „რით დავაღწიო თავი ამ წყევლას, ო, შემიცოდეთ… ჩემო ბრმა დედავ, ეგ უხილავი თვალნი დახუჭე…“ ყვირის ურიელი და მთელი სისწრაფით არბის პორტალს მიდგმულ კიბეზე. ბათუმის თეატრის ჯიბე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე მარჯანიშვილის თეატრის. თუ თბილისში კულისებს კედელი ებჯინებოდა, ბათუმში უზარმაზარი სივრცე იყო, ბატონმა პიერმა ვერ მოზომა და პირდაპირ გადაეშვა 5-6 მეტრის სიმაღლიდან და უხერხულად დაარტყა თავი. ძლიერი ტკივილის მიუხედავად, სპექტაკლი დაასრულა და მეორე დღეს სოხუმშიც გაჰყვა დასს. უმძიმესი შერყევა ჰქონია თურმე. 2-3 დღეში მისი მდგომარეობა დამძიმდა, წარმოქმნილი გემატომა ტვინს დააწვა და შეშუპება დაიწყო და იქვე სოხუმში გარდაიცვალა.

ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ სპექტაკლმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 1972 წელს მარჯანიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით მესამედ აღადგინეს. ივდითისა და ურიელის როლებზე სამ-სამი შემსრულებელი დანიშნა ქალბატონმა ვერიკომ. ივდითები იყვნენ: სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე და თამილა ლასხიშვილი, ხოლო ურიელები – კოტე მახარაძე, გურამ ხურცილავა და მალხაზ ბებურიშვილი, მესამე შემსრულებლებს არ უთამაშიათ. დე სანტოსი ვასო გოძიაშვილთან ერთად, ტარიელ საყვარელიძე და დავით ქუთათელაძე იყვნენ, ტარიელ საყვარელიძე და გიორგი ტატიშვილი დროდადრო ენაცვლებოდნენ დე სილვას ძირითად შემსრულებელს კუკური ლაფერაძეს, თავის მხრივ გოგი ტატიშვილი, ლადო ცხვარიაშვილთან დუბლში თამაშობდა მანასეს, ბენ აკიბას რიგ-რიგობით თამაშობდნენ ლეო ანთაძე და გოვენ ჭეიშვილი, ბენ იოხაი მარლენ ეგუტია და რუსლან მიქაბერიძე იყვნენ, ესთერი კი – მზია მახვილაძე, ნათელა მიქელაძე და თამარ თეთრაძე. სპინოზას სრულიად ახალგაზრდა ნანი ჩიქვინიძე თამაშობდა. რუვიმი და იოველი – ჯემალ მონიავა, ავთანდილ მიქაძე და აკაკი მესაბლიშვილი იყვნენ.

სწორედ ამ სპექტაკლით დაიწყო კოტე მახარაძისა და სოფიკო ჭიაურელის რომანი. ამ შემადგენლობით სპექტაკლმა კიდევ 10 სეზონი იცოცხლა. მეც სწორედ ამ შემადგენლობით ვნახე სპექტაკლი და ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე.

ერთი სახალისო ისტორია ამასთან დაკავშირებით… ქალბატონი მედეა ჯაფარიძე მოგვიანებით შევიდა ივდითზე, თავისთავად რეპეტიციები დააკლდა და ქალბატონ ლილი იოსელიანს სთხოვა დახმარება. პირველ სპექტაკლში პარტნიორი კოტე მახარაძე უნდა ყოფილიყო, ამიტომაც სწორედ ბატონ კოტეს სთხოვეს დახმარება, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა, თუმცა რეპეტიციები დაიწყო თუ არა, ქალბატონმა ლილიმ “ჩვეულ სტილში” კოტე მახარაძის გაჩერებები დაიწყო, ყველა სიტყვაზე, ყველა ფრაზაზე, არადა, ბატონი კოტე უკვე სამი სეზონი თამაშობდა ამ როლს. მოკლედ, ერთმა კვირამ ისე ჩაიარა, მედეას მონოლოგამდე ვერ მივედითო. ამ ამბავს შემდეგ კურიოზად იხსენებდნენ როგორც ბატონი კოტე, ისე ქალბატონი ლილი.

მეოთხე აღდგენა 1992 წელს მოხდა. ამჯერად სოფიკო ჭიაურელმა გადაწყვიტა, რომ ყველა თეატრის წარმომადგენელს ეთამაშა სპექტაკლში. ბევრი მსახიობი იყო მოწვეული სხვადასხვა როლზე, თუმცა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო ბევრმა ვერ ითამაშა. და ბოლოს ასეთი შემადგენლობა იყო სცენაზე: ურიელი – ზურა სტურუა, ივდითი – ნინო დუმბაძე, დე სილვა – ედიშერ მაღალაშვილი, დე სანტოსი – გივი ჩუგუაშვილი და ნუგზარ ყურაშვილი, მანასე – რეზო თავართქილაძე და მარლენ ეგუტია, ბენ იოხაი – ზაზა პაპუაშვილი და დიმა ტატიშვილი, სპინოზა – ნინო ბურდული და ეკა ჩხეიძე. ბენ აკიბა კვლავ ლეო ანთაძე იყო. ესთერი კი მზია მახვილაძესთან ერთად თავად სოფიკო ჭიაურელი იყო. რუვიმი – ვალერი კორშია იყო, იოველი – თემურ ქამხაძე და ონისე ონიანი. სრულიად მოულოდნელად სპექტაკლის მასიურ სცენებში უფროსი თაობის ხსოვნის პატივსაცემად მონაწილეობა ისურვა დიდმა მსახიობმა – ელენე ყიფშიძემ. ის გამოდიოდა მოცეკვავეებში და უკვე კაცად გადაცმული – რაბინებში. ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული მანასეს მსახურის პატარა ეპიზოდს შეუცვლელად თამაშობდა ბატონი ვაჟა კვიტაიშვილი. ეპიზოდიცაა და ეპიზოდიც. ერთი გადარბენა იყო სცენაზე, თუმცა უნდა გენახათ როგორ ემზადებოდა ამისთვის ან როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ამ გადარბენას. აქ დამოკიდებულება იყო უმნიშვნელოვანესი საკუთარი პროფესიისადმი. ასეთ მაგალითებს ბევრი არტისტი იძლეოდა. აქ, ამ ფოიერვერკში ჩემი მოკრძალებული სამი ეპიზოდი მქონდა – ვიყავი ვანებდენი, მოცეკვავე და დე სილვას მსახური. რეპეტიციებზე კიდევ რაღაც ვნახე, აბა, სპექტაკლებზე ძირითადად კოსტიუმების ცვლაში ვიყავი და მხოლოდ ჩემი ეპიზოდები მქონდა ნანახი.

ამ ვერსიამ კიდევ 5 სეზონი იცოცხლა. და კიდევ 5 წელი გადიოდა 2006 წელს აღდგენილი უკვე მეხუთე ვერსია ნატო მურვანიძის (ივდითი), ნიკა თავაძის (ურიელი), დავით დვალიშვილის (დე სილვა), ნინო დუმბაძის (ესთერი) მონაწილეობით, დანარჩენი მსახიობები მეოთხე აღდგენიდან გადმოვიდნენ პრაქტიკულად მასიური სცენების მონაწილეთა გარდა.

მოკლედ, მთელი ამ 92 წლის მანძილზე სპექტაკლმა სცენაზე იცოცხლა ზუსტად 50 წელი…

კაცმა არ იცის შეიძლება მეექვსედაც აღდგეს… მით უმეტეს, მომავალ წელს კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავი მოდის.”