3 თებერვალი, 2021

თემურ წიკლაურის აკრძალული სიმღერა

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ლეგენდარულ თემურ წიკლაურსაც ჰქონდა აკრძალული სიმღერა.
კომპოზიტორმა ბორის შხიანმა რეზო ბერაძე-რაჭველის ლექსზე დაწერა “კაცის სიმღერა”, რომლის საჯაროდ შესრულებაც თემურ წიკლაურს მეგობრებმა აუკრძალეს.

რეზო ბერაძე რაჭველი:

“სიმღერას, რომლის საჯაროდ შესრულება აკრძალული ჰქონდა თემურ წიკლაურს ჩვენგან, ანუ მეგობრებისგან, ჰქვია “კაცის სიმღერა”.

ამ სიმღერის მოკლე ისტორია ასეთია: ბორის შხიანს ჩემს ლექსებზე რამდენიმე სიმღერა აქვს შექმნილი… ერთ დღეს, თურმე, როცა თემური ბორიას ესტუმრა სახლში, იქვე მაგიდაზე, ფურცელზე დაწერილი ჩემი ახალი ლექსი შენიშნა, წაიკითხა და მოეწონა… მაშინვე სთხოვა მეგობარს: ბორია, კაცურად რეზო ბერაძე რაჭველის ამ ლექსზე დამიწერე სიმღერაო… ბორია უარს როგორ ჰკადრებდა მეგობარს და…

რამდენიმე დღის შემდეგ სიმღერაც დამთავრდა. თემურმა, როგორც მას სჩვეოდა, ძალიან მალე ისწავლა ახალი სიმღერა და ჩაწერა კიდეც. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩანაწერს ვისმენდით, თემურმა გამოგვიცხადა: ბიჭებო, თუ ჩემი ძმობა გინდათ, ჩემს დაკრძალვაზე ამ სიმღერით გამაცილეთო. იმ დღეს ამ წინადადებაზე პასუხი არ გაგვიცია, მაგრამ შემდგომ დღეებშიც რომ იგივე გაგვიმეორა, მაშინ შხიანმა უთხრა: – თემო, ამ სიმღერის საჯაროდ შესრულებას გიკრძალავთ მეგობრები, ვიდრე შენ არ გახდები ასი წლის… ჰო, კარგი ეგრე იყოსო, მოკლედ დაგვეთანხმა თემური და, მართლაც, სცენაზე ეს სიმღერა არ შეუსრულებია.

ისე, როგორ მოხდა, არ ვიცი და რადიო “არ დაიდარდოს” ეთერში კი გაჟღერდა რამდენჯერმე… რას ვიფიქრებდით, თუ თემური ასე მალე მიგვატოვებდა დაობლებულ მეგობრებს…

გთავაზობთ ბევრისთვის უცნობ სიმღერას, რომელსაც ფრთამოტეხილი არწივი, თემურ წიკლაური ასრულებს…”