21 თებერვალი, 2021

სოფი ხარხელაური – ტარიელ ხარხელაურის გოგონა

პოეტ ტარიელ ხარხელაურის გოგონა – სოფი ხარხელაური მამის კვალს გაჰყვა და არაჩვეულებრივად წერს.

“არტ ინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ ნაწარმოებს “ნაჭირისუფალ ფიქრებთან”:

“ამოუხსნელის ამოხსნა ვცადე და დავმარცხდი.

მათხოვარივით სიყვარულს, სიხარულს და ბევრ სიცილს ვითხოვ. მე და სიკვდილი ვზივართ და კითხვისნიშნივით მორკალულ სიცოცხლეს ვუყურებთ, სადაცაა სიცილი აგვიტყდება.

სიცოცხლემ ამაყად გაშალა ფრთები და მედიდური ნაბიჯით ოთახიდან გავიდა. მე და სიკვდილს მუცლები ხელით გვეჭირა და სიცილისგან იატაკზე ცოცხალი ლეშებივით ვეყარეთ. სიკვდილს მხრები უცახცახებდა და ხელით სისიხლიან ცრემლს იწმენდდა, ალბათ ღმერთმა დასაჯა ასე, რათა შეეგრძნო საკუთარი ცოდვები.

ოთახში შემოსული სიცოცხლე მიხვდა, რომ ახლა ჩვენთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და ლოდინთან ერთად სახეტიალოდ წავიდა. სიკვდილს ყავა გავუმზადე და დასაძინებლად გავედი. მისი სევდიანი მზერა მაფიქრებდა. ის კი არაფერს მეუბნებოდა რადგან დრო არ იყო. ვერ მოვისვენე, მასთან დავბრუნდი. ყავა ხელუხლებელი დამხვდა, ცივდებოდა. ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა, ჩემი შემოსვლა ვერც შეამჩნია. მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანზე ფიქრობდა, ხელი აღარ შევუშალე. სკამზე მიფენილი შავი მოსასხამი გავუსწორე…

ჭირის დღესავით ეზარებოდა მოსასხამის ტარება, მაგრამ ასეთი იყო უზნაესის ნება.

სტუმრად ვაპირებდი წასვლას, ვერ გადავწყვიტე წავსულიყავი თუ არა. მისი სიჩუმე მაფიქრებდა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ…

მოულოდნელად შემოტრიალდა და ტრაგიკული სახით შემომცინა, ნათელ სახეზე უკვე ბინდი გადაკვროდა და თვალებიც ავისმომასწავლებლად უელავდა. მივხვდი,რაღაც საშინელს აპირებდა, შეშლილივით გავარდა სახლიდან, თან მოსასხამის გარეშე. იქვე წამოვწექი და ადამიანის ხელი ამოვიდე სასთუმლად. როცა გამომეღვიძა, შებნელებული იყო, თავის ქალაში ჩარჩენილი სანთლის ნამწვავი ავანთე. ვფიქრობდი, იმაზე თუ რა სიტყვა იქნებოდა უკანასკნელი, ადამიანის ბაგიდან გადმოსული უფლის გასაგონად, ვიდრე სული სხეულის ჩამოშლილ კედლებს განუსხეულდება.

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ სიცოცხლე შემოვიდა, მზერა მაშინვე იქით გამექცა, სადაც სიკვდილი მეგულებოდა. ასეა, დასაბამიდან ისინი ხომ ერთმანეთს ავსებენ, ერთის გასვლით მეორის ყოფნა იწყება.

დაღლილს და ნაჭირისუფალს იქვე ჩაეძინა.

ღმერთო, რა ძნელი ყოფილა სიცოცხლედ ყოფნა…”