9 თებერვალი, 2021

სამაგალითო მანანა თოდაძე

მომღერალი მანანა თოდაძე თითოეულ ჩვენგანს ანსამბლ “ივერიიდან” გვახსოვს. მან თავისი განუმეორებელი ხმითა და უმაღლესი საშემსრულებლო კლასით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი ხელოვანია.

მომღერალმა მიუზიკლში “ფიროსმანი” მარგარიტას როლი შეასრულა და თავის ნიკალას – თემურ წიკლაურს ღირსეული პარტნიორობა გაუწია.

ერთგული ნიკალას გარდაცვალება მისთვის უდიდეს ტრაგედიად იქცა. თავის განუყრელ მეგობარს – თემურ წიკლაურს უამრავი წითელი ვარდი გამოუგზავნა წარწერით – “ნიკალას მარგარიტასგან”. მანანა თოდაძის უკანასკნელი საჩუქარი თემურ წიკლაურთან გამოსამშვიდობებლად მისულმა თითოეულმა ადამიანმა იხილა – ლურჯი მონასტრის ერთი მხარე მთლიანად წითელი ვარდებით იყო სავსე.

მანანა თოდაძე:

“თემურ წიკლაური იყო ადამიანი, რომელსაც არანაირი შური არ ჰქონია არასდროს არავის მიმართ. პირიქით, ისეთი გახარებული იყო როცა ვინმეს წარმატებას გაიგებდა, იცნობდა თუ არ იცნობდა, შეეძლო მისულიყო, ჩახუტებოდა, მოფერებოდა, მიელოცა…

ადამიანებმა, სრულიად საქართველომ როგორი პატივი მიაგეს, როგორ დაიტირეს ჩემი ნიკალა, ჩემი არწივი, ჩემი მეგობარი, ჩემი თემური. ჩემი, თქვენი, ყველას თემური. ის ყველას ეკუთვნოდა, სრულიად სამყაროს, იმიტომ, რომ ის ნამდვილად უნიკალური, უკეთილშობილესი, ძალიან მორწმუნე, ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი იყო, მისგან ტყუილს ვერასოდეს გაიგებდით.”