6 თებერვალი, 2021

მიხეილ თუმანიშვილის მთავარი სიყვარული

ქართული თეატრის რეფორმატორი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი თავის მთავარ სიყვარულს – მის უდიდებულესობას – თეატრს ულამაზეს და ჯადოსნურ ჩანაწერებს უძღვნიდა.

“არტ ინფო” გთავაზობთ ამონარიდებს რეჟისორის დღიურიდან:

1976 წ. 1 იანვარი
ამ წელიწადს მთავარია სტუდია-სახელოსნო
თეატრი უნდა შევქმნა!
* * *
1977 წ. 1 დეკემბერი
ვაშა-ა-ა-ა-! სავარძლები მოიტანეს. ჩვენ ჩვენი თეატრი გვაქვს. მალე, სულ მალე გაიხსენება ჩემი თეატრი! როგორი იქნება, ნეტავ?
* * *
გავხსენი თეატრი-სახელოსნო. ახალი თეატრი – ახალი სწავლება! თუ ახალი სწავლება არ არის, თუ რწმენა არ არის, არავითარი თეატრი არ აღმოცენდება.
* * *
ჩემი წიგნი მაღაზიის თაროებზე დევს. ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით ასეა. ზოგჯერ რომელიმე მაღაზიაში შევივლი და თვალებით ვაწყნარებ მას: ნუ გეშინია, გიყიდიან, გიყიდიან. ის კი ობლად შემომცქერის და ჩემს მზერაში დარწმუნებულობას ხედავდეს დიდად-მეთქი – ვერ ვიტყვი.
* * *
შეგრძნებები – ბადებს აზრს,
აზრი – ბადებს სურვილებს,
სურვილები – ქცევებს,
ქცევები – ჩვევებს,
ჩვევები – ხასიათს,
ხასიათი – ადამიანს და მის ბედს.
რა საინტერესოა!
* * *
ყოველი სტუდენტი – განსაკუთრებული სამყაროა. ის უნდა აღმოაჩინო, გახსნა, შეისწავლო, შენებურად ისე გარდაქმნა, რომ თავისი განსაკუთრებული ხასიათი, თავისი ინდივიდუალობა არ დაეკარგოს და პროფესია შეისწავლოს, უმჯობესია, თუ ვიტყვით – დაეუფლოს.
* * *
თუ პიესაში, რომელსაც ამუშავებ, არ ჩადებ რაიმე საკუთარს, ავტობიოგრაფიულს, თუ თითოეულ პერსონაჟს, მოქმედების თითოეულ ხვეულს, თითოეულ მოვლენას საკუთარი გამოცდილებით არ გამსჭვალავ – კარგი არაფერი გამოვა. გენერალური რეპეტიციის ჩათვლითაც კი, ყურადღებით, გაფაციცებით უნდა ადევნო თვალყური, რომ ეს პიროვნული არ გაქრეს. არ შეიძლება, აბსტრაქტულად დგამდე პიესას ისე, რომ შენად არ აქციო. უნდა გამოიყენო სხვისი ქარგა და სიტყვები, მაგრამ აუცილებლად დადგა შენი, პიროვნული. პიესასაც დასადგმელად ხომ ამ ნიშნით ირჩევ – გაძლევს თუ არა ის საშუალებას, გამოხატო რაღაც შენი, ძალიან პიროვნული.
რაც უფრო მეტს იტყვი შენზე, მით უფრო მიუახლოვდები ავტორს – პარადოქსია!
* * *
განათება სცენაზე – სასწაულთა სასწაულია, თუკი მას არა როგორც ჭაღ-გამნათებელს შეხედავ, არამედ, როგორც – მზეს, რომელიც სცენას სიცოცხლეს, სიკვდილს, სიცივეს, სითბოს, მარტოობას, სიხარულს, სიყვარულს, ბოროტზე გამარჯვების ზეიმს ანიჭებს. რა აღარ ძალუძს შუქს, თუ ისევეა მოძებნილი, როგორც ხმა, ფერი, მხატვრული სახე. სცენა არ შეიძლება გაანათო, როგრც სადგური ან მაღაზია.
* * *
მხოლოდ სცენური რეპეტიციების დროს ვცოცხლდები, ფრთებს ვისხამ, მეორე სუნთქვა მეძლევა და უზომოდ ბედნიერი ვარ. თამაში – აი, თეატრის სტიქია, გაგრძელებული ბავშვობა, გადაქცეული პროფესიად. მიყვარს თამაში, ოღონდ სცენაზე. სარეპეტიციო ოთახი – თამაშისათვის მზადებაა.
* * *
თავს იმ იმედით როდი ვიმშვიდებ, რომ მაყურებლისთვის თეატრი – ტაძარია, მაგრამ მსახიობებისთვის ის უნდა იყოს ტაძარი. თუ არადა, რა აზრი აქვს, ემსახურო მას?! თუკი ის არ განგწმენდს, არ გაგაკეთილშობილებს, თუკი ის მხოლოდ ბალაგანია, სახიობა, მაშინ რისთვისღაა საჭირო?! თეატრში ყოფნას მაშინ აქვს აზრი, თუკი სასწაულს ეძებ, რომელიც ცხოვრებაში არ იპოვება. თეატრი ადგილია, სადაც ლაპარაკობენ და ქმნიან მთავარს: რისთვის ვარ, რისთვის ვართ, როგორები ვართ, როგორები უნდა ვიყოთ? თეატრი იმისთვისაა, რომ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ, გვერდიდან შეხედონ საკუთარ თავს და გაოცდნენ.
* * *
გენიალურია ქართული (გურული) სიმღერის, მრავალხმიანობის პოლიფონია. ახლა ვუსმენდი და ვტკბებოდი, ბედნიერი მივყვებოდი ცალკეულ ხმას და ვგრძნობდი რაღაცას, რაც შეუთავსებადის ამ გენიალური შეთავსებით იქმნებოდა. სწორედ ეს არის ხელოვნება.
* * *
როდესაც რაღაც მტანჯავს, როდესაც ვეძებ, ეს როგორ გამოვხატო, მაშინ მჭირდება პიესა. მაგრამ, სად არის, სად ვეძებო? ეს ტანჯვა სიყვარულს ჰგავს, შიგნით დაგროვებული, დაბერილი, აფეთქებული გარეთ გამოსვლას ლამობს. ეს მინდა გამოვხატო. ამისთვის მჭირდება დრამა, სიტყვები, სიტყვები, სიტყვები, რომლებსაც საკუთარი შინაარსით, ემოციებითა და შთაგონებით ავავსებ. ამისთვის საჭიროა, ეს მოგენიჭოს (და თუკი არ გაქვს მონიჭებული, საიდან გააჩენ?). ამისთვის საჭიროა თეატრი, საკუთარი თეატრი, არა სამსახურეობრივი, არა აკადემიური, არამედ სახელოსნო, რომელიც ესოდენ მჭირდება ცხოვრებისათვის: 1. სცენა – სივრცე, 2. ჯგუფი მსახიობებისა, რომლებიც არსად იჩქარებენ და ბრმად მომყვებიან და 3. პიესა. თეატრი, სადაც არ იტყუებიან, არაფერს მოგაჩვენებენ; სადაც კი არ იმალებიან, არამედ ისეთები ჩანან, როგორებიც არიან; არაფერზე თამაშობენ, თავი არ მოაქვთ, ვითომდა, გატაცებული ვართო; თეატრი, სადაც ვისწავლით მთლიანად, მთელი არსებით როგორ შევასრულოთ ქმედება, ისე, როგორც ცხოვრებაში არაჩვეულებრივი სიყვარულის წუთებში ხდება, როდესაც შეუძლებელია განვსაზღვროთ, ცნობიერად ვმოქმედებთ თუ არაცნობიერად; როდესაც ჩვენ თვითონ კი არ ვმართებთ თავს რაღაცას, არამედ რაღაც გვემართება; როდესაც ურთიერთობა თავისთავად, ძებნის გარეშე აღმოცენდება, როდესაც ის აქ არის, როდესაც გრძნობები უკიდურესად გაშიშვლებულია და არ არის მოტყუება. აი, სწორედ ეს არის თეატრი, რომელიც მსახურების, ლოცვის ღირსია.
ჩემი თეატრი – რიტუალის, აღსარების თეატრია, სადაც მსახიობებმა და მაყურებელმა უკიდურესი თვითგახსნის, სულიერი თვითგაშიშვლების რიტუალი უნდა გამოიარონ.
* * *
სასწაული – მოვლენაა, რომელიც ბუნების საზღვრებს იქით არსებობს. და განა თეატრი კი არ არის სასწაული? – როდესაც სცენაზე არასოდეს არსებული ცხოვრება, ტანჯვა, სიხარული, ადამიანები, ხასიათები იბადება?!
თეატრი – სასწაულია.”