ირმა გიგანის საგანგებო წერილი

ირმა გიგანის საგანგებო წერილიპიანისტი ირმა გიგანი საგანგებო წერილს აქვეყნებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხს – საქართველოდან უცხოეთში წასულ თანამემამულეებს ეხებათ:

“ამ პერიოდზე ყველა წერს. მძიმე დროა.

ხან ძალიან დაბნეული ვარ, ხან ძალიან ოპტიმისტი, ერთდროულად ბევრნაირი შეგრძნებით და ფიქრით სავსე. ბევრი რამის დაწერას მგონია რომ აზრი არ აქვს, არც მნიშვნელობა, საჭიროც არაა, ჩემს გარეშეც ხომ იცით და მეც თქვენს გარეშე ხომ ვიცი – უცნაური დროა დედამიწაზე.

ახლა რატომაც ამ დროში რაღაცის ჩაწერა მომინდა, თითქმის სხვა მიზეზია.

განსაკუთრებით აეროპორტში ალბათ ყველაზე საინტერესოს რასაც ვაკეთებ – დაკვირვებაა. ამდენ ადამიანს, ისეთები როგორებიც მართლა არიან, ცოტა ადგილას ვხედავ სხვაგან.

ამ პერიოდში მთლიანი სახის აღქმა, კარგად დანახვა გაჭირდა, მაგრამ “თვალებით მეტყველება” გამძაფრდა.
ამაზე მძაფრი კი ცოტა რამაა დედამიწაზე.

თვითმფრინავში ასვლისას ამდენ ქართველსაც არ ველოდი. მერე მივხვდი, გამახსენდა, სამუშაო ადგილებზე სულ ახალი რეგულაციებია ევროპის ქვეყნებში და…

ყველაფერი გასაგებია.

გრძელი რიგი დადგა, დიდი დრო მიაქვს ადგილების პოვნას, მეც დრო მომეცა დაკვირვებისთვის. ბევრი თეთრი ფურცელი თვალში მომხვდა. საბუთები, საბუთები… იქვე შიშნარევი ღელვის, თავმოყვარეობის, პატიოსნების ხმა, არეული და გასაგები.

მოწესრიგებულმა, უბრალოდ და ლამაზად გამოწყობილმა სამმა ქალბატონმა ყურადღება მიიქცია. ერთად, ერთმანეთს მიწეპებულები, ერთმანეთის იმედად, დაუძრავ თვითმფრინავში ღვედ-შეკრულები ისხდნენ. გამეღიმა, ბევრი წლის მეგობრებს ჰგვანან. ან ახლა დამეგობრდნენ, დიდ სივრცეში მოძებნეს ერთმანეთი.

– ხო დე, კი დე… ჩემო თვალისჩინო, ისეთ “კურტკას” გამოგიგზავნი, “ბატინკებსაც” შევძლებ შემდეგ თვეში, ყველაფერს დედიკო ყველაფერს – საუბარი მომესმა გვერდიდან.

ფანჯარასთან ქალბატონი იჯდა, დიდი წყლიანი თვალებით, შავი მოსაცმელით, ვერცხლის ჯვარი ეკეთა და ჩანთა ედო კალთაში, შავი, ლამაზი, შეუმჩნევლად შელახული.

გათიშა ტელეფონი, გაიხედა ფანჯარაში, ძალიან, ძალიან შორს და ატირდა.

სადაც არ უნდა ვიყო, ქართველებს თვალებით ვცნობ. თითქმის არასდროს შემშლია. არ ვიცი ზუსტად რითი ვცნობ. შეიძლება ინტუიციით ვგრძნობ ჩემიანს, ალბათ ბევრია ასე.

შუა ხნის მამაკაცი დავინახე. მარტო იჯდა. ნაშრომი, ძარღვიანი ხელებით. ისეთი სიმტკიცე ჰქონდა წარბ-შუბლთან, შემშურდა მისი მარჯვე, შეუპოვარი ხასიათის. მოგრძო თვალის ჭრილით, შავი ხშირი წარბებით და ჭაღარა თმით. მგონი რაღაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. რა არ ვიცი, მაგრამ რაღაც.

– რო ჩავალ, ჩემი ბიჭი დამხვდება. წლებია არ მინახავს. ვერ ჩამოდის უკან. შენ ჩამოდიო და მივდივარ. მეც წავალ და წავალ, შვილის უნახავი ხო არ მოვკვდები. გავყიდეთ ყველაფერი. ერთი ის, ჩემი ბაღი მენანება, – გვერდით მჯდომ ქალბატონს უყვებოდა.

რიგი არ იძვრის! გავგიჟდი!
ჩემი ადგილი სულ ბოლო რიგში მოხვდა.
– აუ, ქალბატონო ცოტა მალე რააა, დავიტანჯე! – დაღლილმა გოგონამ მიმართა წინ მდგომ ქალბატონს
– ეხლავე, შვილო, ეხლავე, ეს ერთიც და… – ბოლო ხელჩანთა შეალაგა სათავსოში.

როგორც იქნა დავიძარით. ჩემი ადგილიც დავინახე. ერთი შუა ხნის ქალბატონის გარდა არავინ იჯდა ბოლო რიგში. მოვკალათდი კიდის სავარძელში.

ფანჯარასთან ძალიან ახლოს მიკედლებულმა, ლურჯთვალა ქალბატონმა გამომხედა, გამიღიმა. მეც ძალიან მესიამოვნა, პასუხად გავუღიმე და გამოლაპარაკება მომინდა.
– ვენაში მიბრძანდებით? – ვკითხე.
– დიახ. ჯერ ვენაში… პედაგოგი ვარ. ძალიან გაგვიჭირდა, იძულებული ვარ ოჯახს დავეხმარო. სადაც სამსახურს ვიშოვი, იქ წავალ. – დიდი პაუზებით საუბრობს, ვგრძნობ რომ უჭირს საუბარი. საშინლად ღელავს.
– პირველად მიფრინავთ ავსტრიაში? – ვეკითხები.
– დიახ. თვითმფრინავშიც პირველად ვზივარ. – მითხრა და ფანჯრიდან ქვემოთ დახედა მოთოვლილ თბილისს.

სად მიდის, სად, ასე მარტო, ეს ლურჯთვალა, შეშინებული, ვინ ელოდება? ვინ მოუვლის?

საუბარი გავაბით, ყურადღება გადაიტანა, დამშვიდდა, მეც ცოტა ჩემზე მოვუყევი, გავიცანით ერთმანეთი. დავმეგობრდეთ-თქო. ესიამოვნა.

ვზივარ ახლაც კიდის სავარძელში და ვუყურებ ერთ პატარა ქვეყანას.

ჩემს წინ, ხელის გულზე გადაშლილ, საქართველოდან წასულს – საქართველოს.”