5 თებერვალი, 2021

ელენე ყიფშიძის საბედისწერო შემთხვევა

თეატრისა და კინოს მსახიობის ელენე ყიფშიძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა ის ავბედითი შემთხვევა, რაც სპექტაკლში “სახლის ანგელოზები” დაემართა. თავში მძიმე სარქველი მოხვდა, ენა დაუზიანდა და სიმსივნე განუვითარდა. თუმცა ენაზე არასწორი ე.წ. პროთეზის გამო, მანამდეც არაერთხელ უკბენია, მაგრამ მოუცლელობის გამო, ექიმთან დროულად არ მივიდა.

იუბილარი მსახიობი რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაიხსენა:

“ერთი ბენეფისის ამბავი

1990 წელს ნატაშა ჩხიკვაძის ინიციატივით დაფუძნდა ფირმა „ბერიკა“… ამ ფირმას მრავალ კეთილ საქმეთა შორის, მსახიობთა ბენეფისების მივიწყებული ტრადიციის აღდგენა ეწადა. ჩვენამდე მოაღწია იმ შთაბეჭდილებამ, რაც 50-იანი წლების ბოლოს რუსთაველის თეატრში გამართული ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძის ბენეფისის მაყურებლისგან გადმოცემით ვიცოდით. ის იყო ბოლო. და, აი, ნატაშა და რამაზ ჩხიკვაძეებმა გადაწყვიტეს, ბენეფისების ტრადიცია აღედგინათ და პირველი ბენეფისისთვის შეარჩიეს ელენე ყიფშიძე.

ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, მოკლედ აღვწერ ბენეფისის მიმდინარეობას. საღამოს, (რომელიც 17 მაისს გაიმართა) რეჟისურა მედეა კუჭუხიძემ ითავა. სცენა წარმოადგენდა სპექტაკლი „პრემიერას“ დეკორაციის დეტალებს. ბენეფისის პირველი ნაწილი სწორედ ამ წარმოდგენიდან გათამაშებულ ეპიზოდებს დაეთმო. მასში მთავარი პერსონის გარდა მონაწილეობდნენ: გურანდა გაბუნია, ნინიკო ჩხეიძე, ზანდა იოსელიანი, ნოდარ მგალობლიშვილი, ავთო მიქაძე, ნანი ჩიქვინიძე. ბატონი იაკობ ტრიპოლსკი უკვე გარდაცვლილი იყო და ბენეფისზე რეჟისორ ირაკლის როლი სპეციალურად ამ დღისთვის მოამზადა კოტე მახარაძემ. ჩაიარა პირველმა ეპიზოდმა და სცენაზე ქალბატონი ნათელა ურუშაძე შემობრძანდა, მან დეტალურად გაიხსენა ქალბატონი ლენას შემოქმედებითი გზა, ის როლები, რომლებიც განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ქართველ მაყურებელს. ისაუბრა დიდხანს… ვისაც მისი საჯარო გამოსვლები მოუსმენია, დამერწმუნება რომ ქალბატონი ნათელა საუცხოო ორატორი გახლდათ, თუმცა ამ შემთხვევაში საუბრის დროს დროდადრო პაუზებს აკეთებდა, თითქოს რაღაცას აყურადებდა, შემდეგ აგრძელებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

უცებ თვალები ეშმაკურად აუთამაშდა და მაყურებლის წინაშე „აღიარებითი“ ჩვენება მისცა: ამდენს იცით რატომ ვლაპარაკობ, ვერ მოასწრეს დეკორაციის შეცვლა, ახლა შემატყობინეს რომ მზად ვართო და მეც გაგეცლებითო. გაიხსნა ფარდა არჩილ კერესელიძის ცნობილი ჰანგებით და დაიწყო ვასო გოძიაშვილის დადგმული „ძველი ვოდევილების“ პირველი ნაწილი – ავქსენტი ცაგარელის „ოინბაზი“. მონაწილეობდნენ ირაკლი უჩანეიშვილი, გოგი გელოვანი და ნანა მამალაძე. როსებასეული მარგოდან ცაგარელის სონამდე გარდასახვას სულ რაღაც 15 წუთი დასჭირდა. ელენე ყიფშიძეს 1969 წლიდან სონას როლში არავინ ჩანაცვლებია. ვიდრე ეს სპექტაკლი არსებობდა, შეუცვლელად თამაშობდა. სონაც სწორედ იმ როლების ჩამონათვალშია ნუცკიასთან, მაიასთან, ფოფიასთან, ლილისთან, ნენესთან, ებოლისთან თუ მრავალ სხვასთან, რისთვისაც ასე უყვარდა მაყურებელს ელენე ყიფშიძე. იყო საოცრად ამაღლებული განწყობა, ნიჭიერების ზეიმი, აღფრთოვანებული მაყურებელი ვერ მალავდა იმას, რომ ერთი საოცარი თეატრალური სასწაულის მომსწრე ხდებოდა, როდესაც სამი-ოთხი საათის განმავლობაში გარდასახვის ნამდვილ ხელოვნებას ეზიარებოდნენ.

ბენეფისის პირველი ნაწილი ამით დასრულდა, მეორე მოქმედება დაიწყო ერისთავის „ძუნწით“ გოგი თოდაძის სპექტაკლიდან „ისევ ვოდევილები“ მონაწილეობდნენ: ნინო კობერიძე, ასმათ ტყაბლაძე, გია ბურჯანაძე, ავთო მიქაძე და თავად კარაპეტა დაბაღოვი – ელენე ყიფშიძე. „ჩემო ოქროს ფულებო“ – სიმღერა-მონოლოგს პრაქტიკულად მთელი დარბაზი აჰყვა. ოვაციებს ბოლო არ უჩანდა, ასეთი ამაღლებული განწყობა, ასეთი საყოველთაო სიყვარულის გამოცხადება მაყურებლისგან ერთეულთა ხვედრია და ელენე ყიფშიძე სწორედ იმ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულ არტისტთა შორის იყო, რომელსაც ეს სიყვარული არასოდეს არ აკლდა.

თითქოს ბენეფისი კულმინაციისკენ მიდიოდა, სამი საათიც გასული იყო, სამი სხვადასხვა ნაწარმოები იყო გათამაშებული, მრავალფეროვნება, მრავალსახოვნება, ნიჭიერება ყველაფერი უხვად მოდიოდა ბენეფისის მთავარი პერსონისგან, თუმცა „ძუნწის“ „პაკლონის“ შემდეგ დაეშვა კინო ეკრანი და დაიწყო ფრაგმენტები ელენე ყიფშიძის კინოროლებიდან, მაგრამ ქართული კინო იმდენად სცოდავს მისი ნიჭიერების წინაშე, რომ სპეციალურად დამზადებული კინო რგოლი ორ წუთში დასრულდა და სცენაზე კვლავ „თვალებაცელქებული“ ქალბატონი ნათელა ურუშაძე გამოჩნდა, რომელმაც ახლა უკვე მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გამოაცხადა, ამჯერად ჩვენი საღამოს მთავარმა გმირმა კაცი-კარაპეტადან ლენა ყიფშიძემდე გადმოცმა ვერ მოასწრო და მე ამ პაუზას შევავსებო. ახლა უკვე ქალბატონმა ნათელამ ჩვეული იუმორით მოგვითხრო კურიოზული ეპიზოდები, რაც ასევე მრავლად იყო ლენა ყიფშიძის შემოქმედებით თუ პირად ცხოვრებაში, ამასობაში ქალბატონი ელენეც გალამაზდა და დაიწყო მთავარი სიურპრიზი მაყურებლის თვალწინ – უგრიმოდ და უკოსტიუმოდ, პატარა რეპლიკების კოლაჟით ის უცებ გადაიქცა ფოფიად, თენგიზ მაისურაძესთან ერთად გათამაშებული „სექსუალური“ ეპიზოდით „ეზოში ავი ძაღლიადან“, შემდეგ უცებ ღრმად მოხუცებული ჩიტოლია გახდა „ჩემი ეიფელის კოშკიდან“ გივი ბერიკაშვილის პარტნიორობით, უცებ ჩაირთო მუსიკალური ფრაზა „ტაკიმასხარადან“ და ირაკლი უჩანეიშვილთან ერთად ცეცხლოვანი ტანგო შეასრულა, რომელსაც მოულოდნელად მოჰყვა მაიას მონოლოგი „მაია წყნეთელიდან“…

საღამოს კულმინაცია იყო ტიგრან ჰოპოპიანცის ცნობილი „გავლით“ შემოსული შოთა მშვენიერაძე, რომელსაც სრულიად ახალბედა გიორგი ყიფშიძე მოჰყვებოდა უკან, რომლებმაც შეიპირეს რომ სონას „ოინბაზიდან“ მათთან ერთადაც ითამაშებდა. მოკლედ, ასე დასრულდა ბენეფისი, რომელიც 90-იანების შავ-ბნელ დროში უზარმაზარი სინათლე და ნიჭიერების ზეიმი იყო.

მალე ქალბატონმა ელენემ შეასრულა შოთა მშვენიერაძის თხოვნა და კიდევ ერთხელ აღადგინა „ძველი ვოდევილები“. ვინაიდან ამ სპექტაკლში მეც ვმონაწილეობდი, ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი და ცალკე დავწერ. მით უმეტეს გადაკვეთის წერტილები ბევრი გვქონდა – ის თამაშობდა დედაჩემს სპექტაკლში „მშვიდობის დღესასწაული“, ერთად ვმონაწილეობდით „ნაცარქექიაში“, „ურიელ აკოსტაში“, შემდეგ „ვოდევილებში“ იყო ჩემი რეჟისორი და პარტნიორი. ჩემს პირველ სპექტაკლში „ქამუშაძის გაჭირვება“ – ჩემი ეკვირინე. კიდევ იყო მარიკა კვალიაშვილის მიუზიკლი „ბებოს კონცერტი“, მისი საიუბილეო საღამოს რეჟისორობა და წამყვანობა… მოკლედ, დასაწერი ბევრია…

დღეს კი ძალიან მომინდა მომეგონებინა ქართული თეატრის ნამდვილი, კაშკაშა ვარსკვლავი ელენე ყიფშიძე, მისთვის უბედნიერესი დღის გახსენებით. დღეს ხომ მისი დაბადების დღეა. დაბადების დღე – რომელიც ძალიან უყვარდა. მის იმ პატარა ერთოთახიან ბინაში საოცარი 5 თებერვლები მახსენდება. ის ავბედითი შემთხვევა, რაც მის უსაყვარლეს სცენაზე მოუვიდა, ასე ვთქვათ „საწარმოო ტრავმა“ – საბედისწერო აღმოჩნდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ მისი ენერგიისა და სიცოცხლის წყურვილით ანთებული ადამიანის სიცოცხლე 80 წლამდეც კი ვერ მიაღწევდა.

საოცარი სანახავია მისი საფლავი დიდუბის პანთეონში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის თავთან დარგული ბროწეულის ხე აყვავილდება, ან თუნდაც როცა ნაყოფით დაიხუნძლება. ასეთი არტისტები არ კვდებიან.

ქალბატონო ელენე (არ უყვარდა, გიჟდებოდა ასე რომ მივმართავდით), უფროსო მეგობარო ლენა, ვასილევნა, ლენოჩკა, ძვირფასო – გილოცავთ დაბადების დღეს! ელენე ყიფშიძე 96 წლის გახდა!”