ვაჟა ფშაველას საახალწლო გზავნილი

ვაჟა ფშაველას საახალწლო გზავნილიგენიოსმა შემოქმედმა ვაჟა ფშაველამ ახალ წელს ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“ხელში ავიღებ ჩონგურსა
და ზედ დავმღერებ ცოტასა;
ვერ ვუღალატებ ჩვეულებრ
ამ საახალწლო მოდასა.
მგელს რომ არ ვაქებ, წესია,
საქებს შევასხამ ხოტბასა.
ღმერთმა დაგასწროთ მრავალსა
ახალწელსა და შობასა!..

… შორს ჩემგან, მაცდურებაო,
შორს ჩემგან, უქმად დვრენაო!
რა ტკბილი არის, ვინც იცის
თავის მშობელი ენაო.
გვიამბობს წარსულთ საქმეთა
მამა-პაპათას ჩვენაო,
სხვამ რამ-ღა უნდა დაატკბოს
ქართველი კაცის სმენაო? …

… ძველთა თქვეს ძველი ქართული
თავისს ძველებურს წესზედა:
„ხელებს ნუ იკრებთ გულზედა,
საქმეს ნუ აგდებთ ღმერთზედა“.
მტრედსაც მოჰქონდა ბარათი,
გადახვეული მხრებზედა:
„თვით უპატრონეთ თავის-თავს,
ნუ იმედოვნებთ სხვებზედა“.

აგერ დაენთო სანთელი,
ჟიკჟიკებს იელ-ციელა,
როგორც ზოგები ამბობენ,
არც ისე გვიჭირს ძრიელა.
„სისხლს დავღვრი საქართველოსთვის“,
მოხუციც ამბობს მთიელა:
„შენ მითხარ გარემოება,
თუ ცაში დროშამ იელა“.