24 იანვარი, 2021

უარი მარგარეტ დაიაურს შატილის გამოცოცხლებაზე

მარგარეტ დაიაური ყველაზე პატარა მასწავლებელია, რომელიც შატილში მასწავლებლად წავიდა.
მან პროექტი დაწერა და მონაწილეობა მიიღო კონკურსში “აწარმოე საქართველოში”, თუმცა უარი მიიღო:

“ძალიან საწყენია,
როცა აწარმოე საქართველოს
დაფინანსებისა და შენს კუთხეში,
ზედმეტად საინტერესო სივრცეების შექმნის
უდიდესი იმედი გაქვს და
ხდება ისე, რომ არ გაფინანსებენ.
.
ჩემი პროექტი გულისხმობდა,
სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცეს,
რომელიც არსად არაა პირიქითა ხევსურეთში,
შატილსა თუ სხვა სოფლებში.
.
თან ჩემი იდეა, ძალიან
განსხვავებული და საინტერესო იყო,
თავისი კონცეფციით.
.
ძალიან დიდი პატივისცემა
აწარმოე საქართველოს ჩემგან,
თუმცა, მთაში დაბრუნებულ,
ძალიან მონდომებულ ახალგაზრდებსაც
ისე გვჭირდება მხარში დგომა და
დაფინანსება ახლა, როგორც არასდროს.
.
არიან ადამიანები,
ვისაც მთაში დაბრუნება სურთ,
მაგრამ როცა იციან,
რომ იქ სამსახურს ვერ ნახავენ,
7 თვით ჩაიკეტებიან,
მოწყდებიან ოჯახს, მეგობრებს,
არ ექნებათ აფთიაქი, კლინიკა, მაღაზია
და კიდევ უამრავი რამ,
ეს სურვილი თანდათან უსუსტდებათ და
საბოლოოდ, უქრებათ.
ყველა ვერ გარისკავს და ვერც გაუძლებს.
.
კატასტროფულად მინდა ჩემი კუთხის
განვითარება, მეტი პოპულარიზაცია,
სამუშაო ადგილების შექმნა
ჩემი პროექტით და
მეტი ინტერესის გაჩენა ხევსურეთის
ყველა სოფლისადმი.
.
და ასე, მხოლოდ მე კი არა,
კიდევ რამდენიმე ადამიანი ფიქრობს,
რომლებიც, ჩემს მსგავსად, ელოდნენ
დაფინანსებას შატილში, მაგრამ
მათაც უარი მიიღეს.
.
ამასთან, როგორც არ უნდა გიყვარდეს და
არ გემეტებოდეს შენი მხარე დასატოვებლად,
როგორც არ უნდა გიჭირდეს და
გული გტკიოდეს,
წარმოუდგენლად მეჩვენება
სიცოცხლის ბოლომდე მთაში დარჩენა
მინიმალურ ხელფასზე,
მინიმალური კავშირით გარესამყაროსთან.
აი, მართლა წარმოუდგენელია,
ხელშეწყობის, მეტი სწავლის,
მეტი პერსპექტივის გარეშე, ეს შეძლო.
.
არ უნდა ჰგავდეს
მთაში მცხოვრები ადამიანების
ცხოვრება, წრეზე ბრუნვას.
და არცერთ მონდომებულ ადამიანს
არ უნდა კარგავდეს სოფელი,
სადაც სულ, ალბათ,
15 ადამიანი ცხოვრობს მუდმივად.
.
მადლობა ყურადღებისთვის.”