უნიჭიერესი პატარა ქართველი კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა საქართველოს ელჩად მოიხსენია და მის წარმატებაზე ისაუბრა:
“2020 წლის ფრაზა – “მე ცოტნესნაირი ბავშვი არც მინახავს და არც მეგულება, ყველაფერს გავაკეთებ და მისთვის ყოველთვის მისაწვდომი ვიქნები თუ რამეში შემიძლია დავეხმარო,” – დანიელ ბარენბოიმი, რამდენიმე წუთის შემდეგ რაც მან ცოტნე ზედგინიძე პირველად მოისმინა.
2020 წელი დასრულდა და მიუხედავად ყველა სირთულეების და დანაკარეგებისა, ამ წელიწადმა სიურპრიზები და მოულოდნელი გამოწვევები გაგვიჩინა. ეს უჩვეულო და რთული წელი გავაცილეთ მზის სხივით, რომელმაც ბევრი ადამიანი ერთად შეკრა იმისთვის, რომ 11 წლის უნიკალური ბიჭის პირველი ვიზიტი ბერლინში შემდგარიყო.
ცოტნეს გამომგზავრება, თან ასეთ რთულ პერიოდში, სულ არ იყო მარტივი რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამ ბედნიერი წუთების განცდა ცოტნეს აქ ყოფნის დროს იყო სიცოცხლის და ნიჭის ზეიმი, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში: დათო საყვარელიძეს და მთელი წინანდლის ფესტივლის გუნდს, ცოტნეს ოჯახს, ბულეზ აკადემიის ადმინისტრაციას, მაესტრო ბარენბოიმს, მაესტრო იორგ ვიდმანს და ნიკოლოზ რაჭველს, რომელმაც ცოტნეზე შარშან პირველად მომიყვა და ეს საოცარი ბავშვი გამაცნო.
ეს იყო ბედნიერება ამ კადრების ცოცხლად ნახვა, როცა პატარა ცოტნე დიდ დანიელს და იორგს ისე ესაუბრება, თითქოს უკვე დიდი ხნის ტოლი მეგობრები და კოლეგები იყვნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ.
მე ვუსურვებ ამ ბიჭს მშვიდობიან, თავისუფალ, კრეატიულ იმპულსებით სავსე წელს, ახალ გამოწვევებს და გაწონასწორებულ ზრდას. ეს სინათლის სხივი საქართველოს ელჩი არის და იქნება!”