7 იანვარი, 2021

ტარიელ ხარხელაურის საოცარი საშობაო წერილი

პოეტი ტარიელ ხარხელაური საშობაოდ თითოელ ჩვენგანს საოცარ წერილს გვიგზავნის:

“შობას გილოცავთ….
(წუთისოფლის სიმფონია )

სამზადისი ასეთი მოწესრიგებული ყოფისათვის არ გამომდის, თითქოს მეუხერხულება კიდეც, რადგან ჩემი სტიქია შინაგანი ომია, მარადიული ომი, მარადიული შფოთვა და განცდები. ახლა კი, ახლა ამ უცნაურ გარემოში არ გინდა განწყობის გადახარისხება, სხვა დროის გარემოსთან შეგუება?!

მე მარტო ვარ, სრულიად მარტო… რაღაც არის ამ სიმარტოვეშიც ლამაზი და მიმზიდველი, გულის და გონების დასაყრდენი, მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ (ყოველშემთხვევაში ასე მინდა გამოვიყურებოდე) – ახლა დაპირისპირება ვინმესთან და რამესთან სულიერი აშლილობის გარდა არაფერს მომმატებს. აშლილობა სულისა კი, საკმაოდ მძიმე საზიდია ისედაც მორყეულ-მოფამფალებული სხეულისთვის.

ვუყურებ მზეს, ვუსმენ მუსიკას მარადისობისას – ყვითელს და ნაღვლიან მუსიკას. ასეთი ნაღვლიანი მუსიკის მოსმენა კი მხოლოდ მაშინ შემიძლია, როცა მდგომარეობა ჩემი სულისა ისეთივეა, როგორც მუსიკა დამავალი მზისა.

მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, მარტო ქარების სამყაროში…”