ოთარ ჭილაძის საამაყო წერილი

ოთარ ჭილაძის საამაყო წერილიმწერლი ოთარ ჭილაძე თავისი რომანებით, ლექსებით, ჩანაწერებითა თუ წერილებით თითოეული ქართველის გულის ამოძახილია.

ოთარ და თამაზ ჭილაძეების დამ – თინა ჭილაძემ გამოსცა წიგნი “თამაზთან და ოთართან ერთად”, სადაც შემოქმედი ძმების ცხოვრებიდან ყველაზე საინტერესო ამბები გააერთიანა:

“მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ვერ ეგუებოდნენ რუსეთის პილიტიკას! როგორც ოთარი ამბობდა, ,,რუსულ ჩექმას” საქართველოში. მაგრამ ამასთან ერთად დიდ პატივს სცემდნენ რუსულ ლიტერატურას. ოთარს განსაკუთრებით ტოლსტოი და დოსტოევსკი უყვარდა, თამაზს ტოლსტოი და ჩეხოვი, სხვებიც, მაგრამ ესენი გამორჩეულად. ოთარს დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის ყოველ წელს, მოსდიოდა მიპატიჟბა იასნაია პალიანას სახლ-მუზეუმიდან, სადაც ძალიან საინტერესო, მსოფლიო დონის ლიტერატურული შეხვედრები იმართებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთხელაც ვერ მოახერხა იქ გამგზავრება.

ქვემოთ მომყავს ფრაგმენტი ოთარის წერილიდან, რომელიც მან იასნაია პალიანას სახლ-მუზეუმის დირექტორს, ვლადიმერ ილიას ძე ტოლსტოის გაუგზავნა:

,,ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ილიას ძევ! თქვენი ყოველი წერილი უაღრესად ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩემთვის და ყოველთვის დიდი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ვეკიდები იმ საჭირბოროტო თემასა თუ პრობლემას, რომლის განსახილველადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იკრიბებიან მწერლები თქვენთან, იასნაია პალიანაში, დიდი ტოლსტოის მარადიულ სინათლეში…

როგორ მინდა, ამჯერად მაინც მოვახერხო ჩამოსვლა – მაგრამ, სამწუხაროდ, ეტყობა, ვერ შევძლებ. ჩემ მაგივრად მიესალმეთ ყველა თქვენს სტუმარს და უთხარით, გულწრფელად მშურს მათი. ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მწერლისათვის, უდიდესი ბედნიერებაა, რაღაცით მაინც იყოს დაკავშირებული ამ გაადამიანებულ სტიქიასთან…

ტოლსტოი დღესაც ცოცხალია და ყოველთვის ცოცხალი იქნება, ვიდრე კაცობრიობა წერა-კითხვას გადაეჩვევა. მაგრამ ამის უფლებას, თუნდაც, იმავე ტოლსტოის არსებობა არ მისცემს და მომავლის ადამიანს, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, თავისი ტოლსტოის აღმოჩენით აღძრული ბედნიერების განცდაც ელოდება ამ ქვეყანაზე.

ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია დღევანდელი რუსი მწერლების მსგავსად დადუმებული ტოლსტოი. როგორი გულუბრყვილოც უნდა მოვეჩვენო ვინმეს, მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული, აუცილებლად აიმაღლებდა ხმას იმ აშკარა ძალადობის წინააღმდეგ, რაც, ელემენტარულად, ახალი ტერიტორიების მითვისებას ისახავს მიზნად და ლოგიკური გაგრძელებაა ჯერ კიდევ ამ ორასი წლის წინ შედგენილი გეგმისა…

ტოლსტოი უთქმელადაც გამიგებდა ამას, როგორ შეიძლება სასურველ სტუმრად მივიჩნიო თავი იმ ქვეყანაში, სადაც შენს სამშობლოს გეოდეზიურ ცნებად და გეოლოგიურ უბნად აღიქვამენ მხოლოდ…

პატივისცემით და საუკეთსო სურვილებით ოთარ ჭილაძე 11.08.05″