19 იანვარი, 2021

ნინო რამიშვილის სასწაული

ნინო რამიშვილის ნამდვილ სასწაულს უწოდებდნენ მისი თაოსნობით დადგმულ საოცარ ქართულ ცეკვებს.  80 წლის იუბილესთვის გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნებულ მისალოც წერილში ეწერა:

“ცეკვას უჩვეულო ბედი აქვს. თუ მუსიკა შეიძლება შევინარჩუნოთ პარტიტურაში, ფერწერა – ტილოებზე, ლიტერატურა – წიგნებში, ცეკვის შემსრულებელთა ხსოვნაში ცოცხლობენ და თაობიდან თაობებს გადაეცემა, ლეგენდასავით ვრცელდება თანამედროვეთა და ჩვენი დროის მაყურებელთა მოგონებები, თუ როგორ ქმნიდა და ახლაც ქმნის ნინო რამიშვილი სასწაულს, რომელსაც ცეკვა ეწოდება.”

ნინო რამიშვილის შესახებ ფრანგული ჟურნალი “პუენ” 1965 წელს წერდა:

“ქართული ანსამბლის სათავეში დგას შესანიშნავი დედოფალი. თბილისში, მთაზე აღმართულა ქართველი ქალის ფიგურა, რომელსაც ცალ ხელში თასი უჭირავს მოყვრისათვის, მეორეში – მახვილი მტრისათვის. თითქოს ამ კომპოზიციის შემქმნელს ნინო რამიშვილის გრაციოზული ფიგურა აუსახავს. ნინო რამიშვილი ცეკვის ნამდვილი დედოფალია.”

ნინო რამიშვილს “ცეკვის დედა დედოფალი” და “ქალი ეპოქა” უწოდა ანსამბლის “ოქროს თაობის” წევრმა, მოცეკვავე თენგიზ უთმელიძემ:

“ნამდვილად არ მეგონა, ნინო რამიშვილი თუ დაბერდებოდა. თითქმის საუკუნე ისე იცხოვრა და ისე გადავიდა იმქვეყნიურ საუფლოში, სიტყვა დაღლა არ უხსენებია. ძლიერი პიროვნება იყო, მაგრამ მაინც ვიხილეთ ცრემლმორეული.

პირველად მაშინ მოიწმინდა სიხარულის ცრემლი, როცა ანსამბლი 50 წლის იუბილეს ზეიმობდა და ფეხზე ამდგარმა მაყურებელმა მხურვალე ოვაცია გაუმართა დარბაზში მჯდომ ცეკვის დედა დედოფალს. მეორედ კი მაშინ ატირდა, როდესაც დაბადებიდან 90 წლის იუბილეზე საქართველოს პრეზიდენტმა “ღირსების ორდენით” მეორედ დააჯილდოვა.

ნინო რამიშვილის ბოლო ნაბიჯი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის შესასვლელთან შეჩერდა. ქართველმა ხალხმა ცეკვის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი თავის შთამომავლობას რელიკვიად შემოუნახა…

ქალი ეპოქა მისმა ერმა სიცოცხლეშივე ლეგენდად აღიარა.”