21 იანვარი, 2021

ნინო ხარატიშვილის უმაგრესი სიტყვა

გერმანიაში მცხოვრებ უნიჭიერეს ქართველ მწერალს – ნინო ხარატიშვილს ეკუთვნის სიტყვები, რომელიც ღირებულებას არასდროს დაკარგავს:

“საქართველოს ძალიან ბევრი ისტორია აქვს მოსაყოლი, ისინი ტრაგიკულიცაა, შეიძლება საშინელიც, მეორეს მხრივ, მათში ძალიან ბევრი იუმორია, იმიტომ რომ ბოლო ასწლეულების ცხოვრება საქართველოში ასეთი იყო. ეს არის ოკუპაციის, დაპყრობის ისტორიები, სიკვდილის ისტორია, იმპროვიზაციების ისტორია, გადარჩენის ისტორია, ეს გახლავთ იმედის ისტორია, ომის და დაკარგვის ისტორია, მწუხარებისა და უპერსპექტივობის ისტორია, მაგრამ ამასთანავე სიხარულის, იმედის, შესანიშნავი ადამიანების ისტორია…

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს შემადგენელი ნაწილია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მაგრამ კონტროლდება რუსეთის მიერ, 2008 წლიდან მოყოლებული მცოცავი საზღვარი მდებარეობს. რუსული მავთულხლართები ყოველთვე ან შეიძლება ყოველ კვირას გადმოიწევა საქართველოს მხარეს.

ერთი ქართველი გლეხი საქართველოს ტერიტორიაზე თავის სახლში ცხოვრობდა, ხოლო ერთ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. აი, ამ ადამიანის ისტორიამ, რომელმაც მტრის ტერიტორიაზე გაიღვიძა, მაგრამ, მიუხედავდ ოჯახის მოთხოვნისა, არ დატოვა სახლი, არ დატოვა შვილის საფლავი, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ვერ მოიგებდა, მაინც გადაწყვიტა ებრძოლა. მე წარმოვიდგინე მოხუცი ადამიანი, რომელსაც მზემ და ქარმა კვალი დაამჩნია, რომელიც დგას რუსი ჯარისკაცის წინაშე და ცდილობს აუხსნას, რატომ არ შეუძლია იმ მიწიდან წასვლა, სადაც მისი შვილია დასაფლავებული. ჩემს წარმოდგენაში ის ამას მშვიდად აკეთებს. სულ ყოველთვის იმეორებს თავის სათქმელს. ის არ აღიარებს ამ საზღვარს, ის კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ამ საზღვარს და ის აჩვენებს, რომ ეს საზღვარი სინამდვილეში სასაცილოა, შეიძლება ის იცინის კიდევაც, ის უბრალოდ არ აღიარებს ამ საზღვარს და ჯარისკაცი ერთ მშვენიერ დღეს ნებდება. შეიძლება ის ფიქრობს: კარგი დარჩეს ეს გიჟი ბებერი და შეიძლება თვითონაც ვერ ხვდება, რომ მან და მისმა ავტომატმა ძალა დაკარგა. ჯარისკაცი ვერ ამჩნევს, რომ ისტორიის ნაწილი ხდება.

ჩეხოვი ამბობდა “ადამიანები, რომლებიც მართლები, არიან ცუდ წიგნებს წერენ”, ამიტომაც იმედი მაქვს, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი ამბავი გადალახავს საზღვრებს.”