12 იანვარი, 2021

ნიკოლოზ რაჭველის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება

დირიჟორმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა კიდევ ერთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო და მუსიკალური შოუ “ვოისის” მწვრთნელობას დათანხმდა. შოუს ოთხი მწვრთნელი ეყოლება. ამ ეტაპზე მხოლოდ სამი მათგანის ვინაობაა ცნობილი – სტეფანე, ნიაზ დიასამიძე და ნიკოლოზ რაჭველი:

“მივიღე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ვიმუშავო მუსიკალური მეგა-შოუს ფორმატში, თუმცა ვიცი, რომ ამჟამად არა მხოლოდ ჟიურის წევრობა, არამედ მწვრთნელობა მომიწევს და ეს ძალიან ახლოსაა ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ განხრასთან, რასაც დირიჟორობა, ანუ მუსიკალური ხელმძღვანელობა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამოღვაწეო სფერო ძირითადად კლასიკური მუსიკაა, ბოლომდე ვრჩები გია ყანჩელის ფილოსოფიის მიმდევრად, რის მიხედვითაც მთავარია ხარისხი და გემოვნება, განურჩევლად მუსიკალური მიმდინარეობისა და ჟანრისა.

ვიმედოვნებ, რომ საინტერესო და სასიამოვნო იქნება ახალგაზრდა მომღერლებთან მუშაობის პროცესი და ამ პანდემიურ ეპოქაში შანსი გამიჩნდება საკუთარი გამოცდილების გაზიარებით გავაკეთო სიკეთე და გავახარო როგორც ჩემ გუნდში მოხვედრის მსურველი კონკურსანტები, ასევე ტელემაყურებლები, რომლებიც დაელოდებიან ყოველ გადაცემას საინტერესო მუსიკალური თავგადასავლების თანაგანცდის იმედით!

P.S. ბედნიერებაა პროექტში ჩემს ძვირფას მეგობრებთან სტეფანესთან და ნიაზთან ერთად ყოფნა, მეოთხე მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით მეც არ ვიცი, თუმცა იმედი მაქვს სასიხარულო იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც კომპანია “ნოვა” და საზოგადოებრივი მაუწყებელი კანდიდატურასთან დაკავშირებით ერთობლივად მიიღებენ!”