23 იანვარი, 2021

მერაბ კოსტავა კონსტანტინე გამსახურდიაზე

მწერალ კონსტანტინე გამსახურდიაზე არაერთი მოგონება აქვს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას. ერთ-ერთი მათგანი იოსებ სტალინთან არის დაკავშირებული:

“კონსტანტინე გამსახურდია სტალინსაც კი არ შეეპუა, როდესაც მან ენა გაუკრიტიკა. “მისი საქმე პოლიტიკაა და ლიტერატურის საქმეებში ნუ ერევაო,” – უთქვამს ამაზე მწერალს.

კონსტანტინე გამსახურდიას მტერმა, ერთმა ენატანია კინორეჟისორმა ჩაუტანა ეს ამბავი სტალინს, რაზედაც იგი ძალზე განრისხებულა.

“დროა გამსახურდიას ჭკუა ვასწავლოთო,” – უთქვამს აფხაზეთში ერთ-ერთი გამოსვლისას სტალინს, შემდეგ ბერიას გადახედა თურმე და დასძინა: “ოღონდ არა ისე, როგორც თქვენ ზოგჯერ გჩვევიათ”, რაც ნიშნავდა: “არც დახვრიტოთ, არც დააპატიმროთ”. სწორედ ამის შემდგომ გაათკეცდა პრესაში გამსახურდიას კრიტიკა და დევნა.

სტალინმა ფიზიკურად მაინც დაინდო გამსახურდია, რადგან ბოროტების უფლებანი ქვეყნად განუსაზღვრელი როდია. ცალკერძ მას ხალხისა ეშინოდა, რომლის წიაღშიც მწერლისადმი სიყვარულს ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული.

გარდა ამისა, მას წაკითხული ჰქონდა “დიდოსტატის მარჯვენა”, რომელიც ერთხელ სიმონ ჯანაშიამ ჩაუტანა მოსკოვში. მთელი ღამე კითხულობდა იგი წიგნს, სადაც აღწერილია ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში. დილით გამოვიდა ჯანაშიასთან თვალებდაწითლებული. ტირანის თუჯივით მყიფე გულიც კი შეუძრავს იმ ვაჟკაცურ სულს, რითაც ამ ქმნილების ყოველი უჯრედია გაჟღენთილი და გადაურჩა დიდი მწერალი სისხლისმსმელის კლანჭებს, როგორც ოდესღაც დანიელ წინასწარმეტყველი ნაბუქოდონოსორის რისხვას.”