21 იანვარი, 2021

მარგარეტ დაიაური – ყველაზე პატარა მასწავლებელი შატილში

მარგარეტ დაიაური ყველაზე პატარა გოგოა, ვინც მასწავლებლად შატილში წავიდა. მაშინ 22 წლის იყო. ახლა 24 წლისაა და მიაჩნია, რომ ამ ორი წლის განმავლობაში უზარმაზარი გამოცდილება მიიღო.

პროფესიით დიზაინერია, არაჩვეულებრივად ხატავს, ამზადებს თოჯინებს, ქმნის ორიგინალურ სამკაულებს, აფორმებს სხვადასხვა ავტორთა წიგნებს:

“გამარჯობა.
მე მარგარეტი ვარ –
ყველაზე პატარა გოგო,
ვინც შატილში
მასწავლებლად წასულა და
უკან აღარ დაბრუნებულა.

22 წლის ასაკში
ჩავალაგე ბარგი და
შატილში წავედი.
სოფელში, რომელიც
არასდროს მენახა.

ახლა 24-ის ვარ და
მგონია, 2 კი არა,
10 წელი გავიდა,
იმხელა გამოცდილება მივიღე და
იმდენად დიდი დრო მქონდა ფიქრისთვის.

დედა მეუბნება,
ისე ხარ შეცვლილი,
თითქოს, ერთი ცხოვრება
უკვე გაიარე და მეორე წრეზე მიდიხარო.
მეც ასე მგონია.

გავიზარდე.”