11 იანვარი, 2021

ბუბუსია თვალავაძე – თბილისის “შავი ბრილიანტი”

საბედნიეროდ, საქართველოში ყოველთვის მრავლად იყვნენ მშვენიერი ქალბატონები. ერთ-ერთი მათგანი ნინო ბუბუსია თვალავაძე გახლდათ, რომელსაც გასული საუკუნის 40-იანი წლებში თბილისის “შავ ბრილიანტს” ეძახდნენ.

ულამაზესმა ქალბატონმა ცხოვრება ოპერის მომღერალს დავით გამრეკელს დაუკავშირა და თავისი არჩევანით მოტრფიალე მამაკაცებს გული დაწყვიტა.

მწერალი გიზო ნიშნიანიძე ბუბუსია თვალავაძეს ყველაზე ლამაზ ქალბატონად თვლიდა და მას ასე ახასიათებდა:

“ყველაზე ლამაზი? – ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი ქალბატონი ბუბუსია თვალავაძე გახლდათ. თბილისში მას “შავ ბრილიანტს” ეძახდნენ. მისი ღიმილიც კი საკმარისი იყო, რომ მთელი თბილისი კარგ გუნებაზე დამდგარიყო.

ბედი ისეთ მამაკაცს დაუკავშირა, ალალი იყო მისთვის. დათკა გამრეკელის ცოლი გახდა. ახლა ერთად განისვენებენ. არ ვიცი, ჰქონდათ თუ არა დიდი სიყვარული… და, საერთოდ, არ ვიცი ლამაზმა ქალმა როგორი სიყვარული იცის. ძალიან ძნელია… არ იცი, ეს სილამაზე და სიყვარული რამდენს გაუნაწილო.”