1 დეკემბერი, 2020

მთავარი პრობლემა ლია ლიქოკელისთვის

მწერალ ლია ლიქოკელისთვის მთავარი პრობლემა ორთვიანი ჩაკეტვისას “როგორ გავუძლოთ ლოქდაუნს” ტიპის პოსტების და სტატიების ნიაღვარის გაძლებაა:

“კი, სრულიად დაზაფრული ვარ ორთვიანი ჩაკეტვის გამო.
კი, გული მისკდება, საერთოდ რა მეშველება-მეთქი.

მაგრამ ახლა ვზივარ და კონკრეტულად იმაზე ვფიქრობ, “როგორ გავუძლოთ ლოქდაუნს” ტიპის პოსტების და სტატიების ნიაღვარი რომ წამოვა, აი მაგას როგორ გავუძლო:

“როგორ გავატაროთ ნაყოფიერად დღე-ღამეში არსებული და არარსებული ყოველი წუთი”.
“15 გზა, როგორ განვივითაროთ თავი”.
“17 წესი, როგორ არ გავსუქდეთ, სანამ სახლში ვზივართ”.
“ივარჯიშეთ დღეში 27 საათი”.
“ჭამეთ დღეში 3 გრამი სტაფილო”.
“აიმაღლეთ კულინარიული აიქიუ”.
“ისწავლეთ 119 ახალი უცხო ენა”.
“დაეუფლეთ 120 ახალ პროფესიას”.
“არ ჩაიცვათ ფაჩუჩები მუშაობის დროს”.
“40-ჯერ ჩაისუნთქეთ ცხვირით და აღარასოდეს ამოისუნთქოთ”.
“სარკესთან დადექით და შვიდასჯერ გაუმეორეთ თქვენს თავს, რომ გიყვართ, და თუ არ დაიჯერებს, გააგრძელეთ საკუთარ თავზე მუშაობა, სანამ არ გასკდება”.

და ზიხარ, კითხულობ ამ ყველაფერს და რატომღაც საშინელ ვალდებულებას გრძნობ, ზედმიწევნით შეასრულო, განვითარდე, გავარჯიშდე (მერე რა, რო ვარჯიში გეზიზღება); გალამაზდე, გადამშრომელდე, გააკეთო 200 კერძი, რომელსაც არასოდეს შეჭამ; იქცე სუპერმენად და სუპერვუმენად, მთელ სამყაროს დაუმტკიცო, რომ მხეცი ხარ, და დროს კი არ კარგავ – ნაყოფიერად ატარებ, უუუნაყოფიერესად, და ვითარდები და ვითარდები,
და ამასობაში, თავს რომ აბსოლუტურ ლუზერად გრძნობ, რამეთუ არაფერი გეტყობა მოსალოდნელი განვითარებისა, გხვდება კიდევ ერთი, მორიგი ინსტრუქცია:

“1999 ხერხი, როგორ არ გავგიჟდეთ”.

და ხვდები, რომ უკვე გაგიჟდი.”