ლექსები ახალ წელზე

ლექსები ახალ წელზე

გალაკტიონ ტაბიძე – მრავალ ახალ წელს

ვაზებიან გზას,
მტევნებიან ველს,
მრავალ ახალ წელს,
მრავალ ახალ წელს!
მშვიდობა და მზე
თქვენს მარჯვენა ხელს
უნათებდეს რთველს
მრავალ ახალ წელს!
მაშ მშვენიერ ცას
და ქვეყანას ვრცელს
ვუსურვებდი კვლავ
მრავალ ახალ წელს!

 

ლადო ასათიანი – ახალი წელი: 

სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები:
შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი
– უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვლელი:
მწვანე სუროს ფოთოლი. კურკანტელას მარცვალი.
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი გაოცებული მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც თეთრ ჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,
ალბათ ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი “მრავალჟამიერ” აღებს ყველა გასაღებს.
მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად.
სულაც ვერ გამიგია, რა მახარებს,რას ველი…
ასე თვალგაურყვნელი,სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე,
შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები!

 

მუხრან მაჭავარიანი – გილოცავ!

გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ –
ვისაც სამშობლო გიყვარს…
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია –
ვინ ხარ.

ახალი წელია…
თოვლიც გვესალმება…
თოვლიც გვესალმება ციდან…
– ცრემლები?!
– ცრემლებზე – ბოდიში!
– ღიმილი?!
– ღიმილი –
რამდენიც გინდა…

ბავშვებო!
თქვენსავით
მეც ვიყავ მოსწავლე…
მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!
ამიტომ ერთმანეთს,
ამიტომ ერთმანეთს
ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა…

გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს,
გვიყვარდეს წიგნი…
რაც უნდა ისურვო,
რაც უნდა ინატრო, –
ესაა ყველაზე დიდი.

გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ –
ვისაც სამშობლო გიყვარს…
ზაზა ხარ!
ლაშა ხარ!
ვაჟა ხარ!
ნინო ხარ!
ეს სულერთია –
ვინ ხარ!

 

შიო მღვიმელი – “ახალი წელი”

ინათა, ახალი წელიც
გამოჩნდა თავისი ალმითა;
სუყველას ჩამოუარა
კარისკარ, ტკბილის სალმითა.

ბალღებს შესძახა: – მოვედი,
ადექით, ძილი კმარაო,
მას წელს დავატკბობ, ვინც შარშან
ამ დროს ვერ გაიხარაო.

თან მოვიტანე თქვენთვისა
სიმკვირცხლე, სიხარულიო,
ხალისი სწავლა-ცოდნისა
და ერის სიყვარულიო:

თაფლი, ჩურჩხელა, ჩამიჩი,
ბასილა, თაფლის კვერიო,
ვაშლი და თხილი მრავალი,
უხვად სხვაც ყველაფერიო;

ბურთი, ბზრიალა, ჩიკორი,
სხვადასხვა გასართობიო,
წიგნები ნაირ-ნაირი,
ერთი მეორის მჯობიო.

ადე, ჩაჰკიდეთ ხელი ხელს,
იხტუნეთ, იცქრიალეთო,
სხვა წლისთვის შესაგებებლად
ჩემი დღეები თვალეთო!

 

ნოდარ დუმბაძე – “ახალი წლის საღამოა”

– ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
– არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.

 

ვაჟა-ფშაველა – საახალწლო

ახალო წელო,
ფიქრებით მწველო,
გთხოვ, რომ ცხოვრება
არ გაგვიძნელო.
მოგვშორდი, შხამო,
მოგვშორდი, გველო!
ახალო წელო,
ფიქრებით მწველო,
შენი სიკეთე თუმცა-კი მჯერა,
ყური დამიგდე, რასა გთხოვ ჯერა:
ვინაც არ იცის,
ასწავლე წერა;
მე უკეთესის
ჰანგების მღერა
მასწავლე, თორემ
დაგლოცავ ვერა.
გვიცოცხლე თავი,
გვიკურთხე მკლავი,
გვაშორე საქმე
ბილწი და შავი…
და მოგვეც ყველას
პირი და ზავი.
თუ არ მისმინო,
მოგიკვდეს თავი.
ბევრნი სთელავენ მიწასა,
თომა, პეტრე და ნინია, –
კარგსა ჰსმენ, უკეთესს სჭამენ,
მათ სახლში მუდამ ლხინია,
ბეჩავს სჩაგრავენ, უფროსს-კი
ფეხს ჰლოკენ, როგორც ფინია,
ჩაჰწნილებიათ გოგრაში
დაობებული ტვინია,
მომიკვდეს იმათი თავი,
იმათი გულის ჟინია!
ქართველო ქალო,
ხმელეთის თვალო,
ცხოვრების ძალო,
არ გაგვაწყალო!
შენა ხარ ჩემი,
ვით ზღვაზე გემი –
ღელვა-შფოთის დროს
მშრალზე გამტანი.
შენ გენაცვალე,
რისთვის გამცვალე?
გულს შუბი დამეც
ძნელ-ასატანი…
წარსულს მიჰხედე,
წინ დაიხედე,
გვიშველე, მოდი,
გვითხარი ბანი.
თქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს,
ახლებო, გენაცვლენითა;
სიცოცხლე მიათკეცდება
თქვენის სიკეთის სმენითა.
აკეთეთ რაც-კი შაიძლოთ
თავით, გულით და ხელითა,
რომ შვილთ გვიკურთხონ საფლავი,
არ მოგვიგონონ წყევლითა.
ოფლმა, დაღვრილმა მიწაზე,
ამოაცენოს იანი,
განოყიერდეს ოფლითა
მიწა მწირი და კლდიანი,
გადაიაროს ნისლებმა,
დღე გამოვიდეს მზიანი
და აღაღანდეს მინდორი
ოფლით მორწყული, ცვრიანი.
ძვალი განედლდეს გამხმარი,
ფერფლი ადუღდეს გრძნობითა,
მკვდარნი ხარობენ საფლავში
კარგის შვილების ყოლითა.
მივინძრ-მოვინძრეთ… რას ვარგებთ
უქმად ტახტებზე წოლითა!
ბედს ვხედავ, როგორც მზის სხივსა,
გადმოშუქებულს გორითა,
ვამაყობ, მაღალს ღმერთს ვფიცავ,
გამოსადეგის სწორითა.
ჩემს გულში სანთლად ანთიხართ,
გზა მინათდება თქვენითა;
ჯავშანს ჩაიცვამს ოცნება,
გავალმასდები ენითა.