22 დეკემბერი, 2020

ლაშა მარგიანის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება

პოეტი ლაშა მარგიანი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ამის მიზეზი ის შეზღუდვებია, რომლებიც მთავრობამ დაგვიწესა:

“სხვისი არ ვიცი და ჩემი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება ამ ლოქდაუნის პერიოდში.
განსაკუთრებით ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ.
საშინელებაა ეს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ყველაფერზე აისახება, მით უფრო ჯანმრთელობასთან თუ გაქვს ადამიანს პრობლემები.
იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორ იქნებიან მოხუცები, ან სოციალურად დაუცველები, განსაკუთრებით მრავალშვილიანები.

არ ვიცი, ასე სადამდე უნდა გაგრძელდეს, პირდაპირი მნიშვნელობით ჭკუიდან შეშლის ასეთი მდოგმარეობა ნებისმიერს.
არ ვიცი, კიდევ თუ არის ვინმე ისეთი, ვისაც ისევ ვარდისფერი სათვალე უკეთია და ასე უყურებს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას.
გაძლებაცაა და გაძლებაც, გაუსაძლისობაში გადავდივართ უკვე.

არ მაინტერესებს, ვის როგორ ესმის და ვინ როგორ გაიგებს ამ სიტყვებს.
უბრალოდ, ყელშია ეს ყველაფერი, ითმენ, ითმენ და ამ თმენაში ადამიანის სახეს კარგავ, მაგრამ ურჩხულად კი არ ემსგავსები, არარაობად იქცევი.
ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ უფრო ბევრი რამეა ისეთი, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული.
ვფიქრობ, დასაწერიც არაფერია, რომ დავწერო, მხოლოდ ვფიქრობ.

არანაირი სურვილი, არაფრის განწყობა, არაფრის მოლოდინი, მხოლოდ ხანდახან თუ დავხატავ რაღაცას, სულ ესაა.
ვუყურებ როგორ ცარიელდებიან იმედები სიხარულისგან, ოცნებები სიყვარულისგან, ლოცვები სიტყვებისგან და არ ვიცი, რა ვქნა.”