ჟურნალისტისა და მსახიობის ჯულიეტა ვაშაყმაძის კარიერა საქართველოს პირველი არხის ფუნქციონირებასთან ერთად დაიწყო.
1956 წლის 30 დეკემბერი – საქართველოს პირველი არხის დაარსების დღეა. სწორედ ამ დღიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე თითოეულ ქართველს ტელეეკრანიდან მიესალმა და წლების განმავლობაში არაერთი გადაცემა წაიყვანა. გამორჩეული მეტყველებითა და გადმოცემის უნარით მოხიბლულმა ათასობით მაყურებელმა იგი განსაკუთრებულად შეიყვარა.
დიქტორობით დაწყებული კარიერა ტელეკომენტატორობით გაგრძელდა. სხვადასხვა წლებში პირველმა ტელევარსკვლავმა თეატრალური, კულტურული, სოციალური, საინფორმაციო გადაცემები წაიყვანა.
ჯულიეტა ვაშაყმაძემ ჟურნალისტობას მსახიობობაც არაჩვეულებრივად შეუთავსა და მონაწილეობა მიიღო ცნობილ ქართულ ფილმებში: “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “ყვავილი თოვლზე”, “თოჯინები იცინიან”, “პაპა გიგია”.
პირველი ტელევარსკვლავი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.