28 დეკემბერი, 2020

ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული ამბავი

მწერლისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის შესახებ არაერთი საინტერესო და განსაკუთრებული ამბავია ცნობილი.

პედაგოგ დავით უნდილაშვილის მოგონებებში კი არის ერთი განსაკუთებული ისტორია, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეძღვნება:

“ერთხელ, როცა მეზობლის ბავშვებში ვთამაშობდი, დედამ მე და ჩემს დას – ევას დაგვიძახა და გვითხრა:’ეს ჭუჭულები წაიყვანეთ, ილიას სახლთან რომ მიხვალთ, ხეზე ადით, რომ ძაღლებმა არ დაგკბინოთ და იქიდან დაუძახეთ მოურავ მოსეს. მოურავს ეტყვით ვისიცა ხართ და ჭუჭულებს გადასცემთო.

ღობეზე რომ ავედით და რამდენჯერმე დავიძახეთ, მოულოდნელად ხის ძირიდან შემოგვესმა კაცის მშვიდი ხმა: – რა გინდათ მანდ, ბავშვებო, დაბლა ჩამოდით!

კეთილი, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი ალერსიანად გვიყურებდა. ევამ თითქმის ჩურჩულით უთხრა დედის დანაბარები. კეთილმა ძიამ წყაროსთან მიგვიყვანა და დაიძახა: – მოსე!’

მალევე მოვიდა მოსე და კეთილმა კაცმა ჰკითხა, ამ ბავშვებმა ჭუჭულები რად მოიყვანესო.მოსემ უპასუხა: – იხვის კვერცხები საგურამოში რამდენიმე ოჯახს მივეცი, რომ ქათმის კრუხისთვის გამოეჩეკინებინათ და როცა წამოიზრდებოდნენ, ნახევარი თავიანთთვის დაეტოვებინათ, ნახევარი კი ჩვენთვის მოეყვანათ.

– მერედა, კვერცხებში იხვებს ახდევინებ, სირცხვილი არ არის?! – უთხრა ილიამ მოსეს ნაწყენმა, – ახლავე წაიყვანე ეს ბავშვები, მურაბა და თაფლი აჭამე, ბავშვებს ტკბილეული უყვართ, ეგ ჭუჭულები კი ისევ უკან გაატანე.

შინ რომ მივედით, დედამ გაგვაგებინა, რომ თეთრტანსაცმლიანი კეთილი ძია ნამდვილად ილია ჭავჭავაძე იყო.

თითქოს კიდევ მესმის ილიას საყვედურიანი, მაგრამ დინჯად ნათქვამი სიტყვები: -‘მერედა, კვერცხებში იხვებს ართმევ, სირცხვილი არ არის?!”