13 დეკემბერი, 2020

გულქან რაზიკაშვილი მამაზე – ვაჟა ფშაველაზე

ვაჟა ფშაველაზე ბევრიც ითქვა და ბევრიც დაიწერა, მაგრამ მისი შვილის – გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი მაინც ყველაზე განსაკუთრებულია.

“არტ ინფო” გთავაზობთ ფოლკლორისტის ეთერ თათარაიძის ჩანაწერებს გულქან რაზიკაშვილის ნაამბობიდან:

“- უქმდება, მზე ჩადის, ხო არ დაგღალე ეთერო!
– არა…

– ხან წავიღიღინოთ კიდეცა, ჩემო ქალო…
თავის პატრონი ენაცვლოს
თავის თვალყვითელ ციცასაო,
დაძვრება მეზობლებშია,
დამბალ ხაჭოსა ზიდავსაო,
ვინც მაგას ჯოხი დამიკრას,
ეგ იყოს იმის მკვდრისადაო…
არა იქონდა სამღერალი დრო, თავის საფიქრალში იყო გართული, არა იქონდა მღერის დრო და თუ იმღერებდა, ამ ლექსს იმღერებდა მამაი…

ფშაურად უნდა ეცვას ჩემ შვილსაო, თუგინდა ხემწიფის შვილმა წაიყვანოსო, – იტყოდა მამაი…

უბედური ობოლი დავრჩი, ღილებიც არ მეკერა კაბასა გულზედა, დავიმჯუღავდი და ფეხშიშველაი ძალუას მივადგებოდი, მიყვარდა ის დედაკაცი. ერთი გრძელი ვარცლი იქონდა, ზედ ფიცარი ეფარის, სუ ნარჩომი ჰქონდის, ხან ქადისა, ხან ხაბიზგინისა, ხანაც ხინკლისა. დამითბის და მაჭმიის.

მამაის ნაწერებსა! – უი, უი, უი, ვინ ახლებდა ხელსა! არ შაგვეძლო სტოლთან მივსულიყავით, არა, იმწუთში გაიგებდა.
არაა, ხელს ვერავინ ვერ წაადებდა იმის ნაწერებსა, ვერავინ ვერ მიეკარებოდა, სუ დაანგრევდა იქაობასა, ვინ რას ეძებთ, რა გინდათ ჩემ საწერ-კალამთანაო!

ვაჟას ქალები უყვარდაო!… სადა სცალოდა წაწლობისა და ქალებისთვინა; მე არ ვიცოდი, მამაი რაი იყო, მაშ, ფიი!.. რომელი მწერალია, რო ქალებზე არა სწერდეს!.. ფეთებას შეიყრიდა, ქალი რასა იქვიანო, განა ქალს არ ახსენებდა, ქვეყანა ლამაზიც არი და უშნოცა, თვალების ჭკვაზე უნდა იაროს კაცმაო?.. გულის ხმაზე უნდა იაროს, გულის ჭკვაზედაო, – იცოდა… სწერდა, სად ეცალა მამაჩემსა…

არ დავდგებოდი, ღამე საქონი თუ გარეთ დარჩებოდა, ვეძებდი, მიჯავრდებოდა მამა. ერთხელ კიდეც გამომიდგა საცემნელადა. გაანებეო, გოგო, თავი, რას დაბატბატებ ამ ღამე, არ გეშინიანოო, მგელი შეგჭამსო.
მეცოდებოდიან და ღამე ვეძებდი.

გაცოფებულმა ფინთი განაჩენის წაკითხვა ვიცი. არ მეევლება ჩემ განაჩენსა, ცოტა იმით იჭუჭკებიან, თოროო… ბალღობიდან მაქვ ეგ ხასიათი. ერთხელაც ძროხები მოვკარგე და საძებნელად წავე, კარგა დაბნელებულია. მოვე და ჭრაქის შუქი გამოდის ჩვენითა.
შინ არ შევე, შევიხედე ფანჯრიდანა და ხანკლაობენ. მამაი უკვე ლოგინში წევს. შევძახე ფანჯრიდანა ჯალაბთა: – რასა ხინკლაობთ, ძროხები მოიკარგნენ, გამოდით დასაძებნადაო! გადმოიხედა მამამ ფანჯრისკე: – გოგო, ამ ბნელ ღამეს რას დაბლატუნობ, არ მაინც გეშინიან, ნადირი დაგბღლეძს, შემო ჩქარა შინაო!
სითამამემ მაჯობა და მამას დაუძახე, მამასა რო: შენ დაგეთხაროს თვალები, რო მანდა სწევხარ და ძროხები არ გებრალებიან, შენ დაგეთხაროს თვალებიო! – მეო?! – მამამა, შე სახეძაღლო და რო გადაიგდო საბანი და წამოენთო, წამოფრინდა, აი, იასამანი რო დგა ძველი სახლის წინა, ვარდი იყო, ველური ვარდი, იასამანთან ახვეული, იმის ძირი გამოფუტკული იყო ქათმებისა, გადმოვიარე და იმ გამოფუტკულს ვეცი. გადაიარა გაფოთებულმა მამამა. ფეხებში ვეგდე და ვერა მნახა, რას მოიფიქრებდა, ჭიჭახევასკენ გადეეფარა თეთრი საცვლების ფრიალითა.
შამოიარა, შავიდა. ბაგა-ბუგი გაუდის ჩემ გულსა. ცემა მელის და ცემის კი არა, მოკვლის ღირსი ვარ.
რო ვიფიქრე, ეხლა კი დაეძინებოდაო, შევიპარე. ჩვენ მეორე ოთახში ვიძინებდით, შევედი და შევძვერ ტახტის ქვეშა.
ბეჩავი მამაი! შამააღო აი კარები და მარიამს უთხრა, რო ის ალქაჯი არ მოვიდაო?! მიძგრიალებს გული. დაიწყო მარიამმა ჯუმჯუმი, სიტყვებს ვერ აგებს, აქეთ ჩემი შიში ჰკლავს და იქით მამისა. ტახტის ქვეშით ვიზვერები: ღიმილი ეშლება მამას სახეზედა მარიამის ჯუმჯუმზედა, ვერ გააგებინა მარიამმა, მოვე თუ არ მოვსულვარ. გაიხურა მამამა კარები. გამოვძვერ. ხინკლიანი ქვაბი შეუდგამთ მაღლა.
ვერა ვწვდები. მშია, ვკვდები, კუნძი დავდგი, შევებღატე, ჩამოვიღე მაინცდამაინცა. ერთი კარგა გამოვიტიკნე და შავდგი იქავა დამსუბუქებული. აღარაფერი არ მითხრა მეორე დღესა მამამა, მე კი ნიავსავით დავდიოდი იმის სიახლოვესა.
აიო, ჩვენ რო გვეთქვა, თოფით დაგვხოცავდაო, ამას არა უთხრაო, ნეტავ რას თვალზე გხედავს მამაშენი, შე შავბნელოო, – ი დედაკაცმა.

ილიასთვი უთქვამს მამასა: გულქანს უყვარს, ჩემს შვილსაო, ძროხა-საქონიო, დედინაცვალი მაინც დედინაცვალია, აიშურებს, რო გაიგოსო და “ეთერიანი” ჩემ შვილზე მაქვ დაწერილიო. განმარტოებით არი ჩემზე დაწერილი, განმარტოებით. სილამაზეც თუ მქონდა, ალბათ, რაღაცა და…
იმან სუ ისე გამაიყვანა, რო… მაგრამ იმასაც მიხვდა, რო ბედი არ მექნებოდა.
კაცები რო დამენახა, ისე მეჯავრებოდენ და მაშინებდენ, კლდე რო ყოფილიყო, მაინც გავივლიდი, გზას აუქცევდი…
“ბუები” არ წაგიკითხავ, ეთერო? ეგეც თავის ობლებზე აქვ დაწერილი ბეჩავ მამასა. “ვერ მოჰხელეო”. – რამდენჯერ ვეძახდით ობოლ-ოხრები ერთმანეთსა დაკარგულ საქონზედა შავშუაღამესა. ეეე!..

ერთხელა ძროხებსა ვწველიდი. აი, ექითა ორი წყება მოსულიყო ექსკურსიაი. ეს ხალხუნახავი ძროხები დამიფრთხნენ.
დეკეული რამ იყო, ფეხზე ფეხი დამკრა, კინაღ გადამეფერა გული. დაუკივლე, წადით აქედანა, მე არა ვარ ვაჟა-ფშაველა, მე გულქანი ვარ, გულქანიო (იცინის). გაიკრიფნენ გაკვირვებულები, წავიდნენ. ზოგი მაქებს, ზოგი მგმობს… მითხარ, ჩემო ქალო, რა მეექსკურსიებოდა გამწარებულსა…

ეთერო, მამა ვნახე, ქალო, გუშინწინებში. არაყი მთხოვა, მამის სულს გეფიცები და ლიკიორზე შანდობაც უთხარ. დამალეინე არაყიო, – დაილაპარაკა.
არაყი მთხოა მამამა, არაყი, რატო არ მასმევ, გულქანოო, რატოო… ბოლოს რაც ტანისამოსი ეცვა, ის ეცვა. არ იცოდა იმან არაფრის თხოვა, მარტო იყო, მარტო. გამიკვირდა სიზმარშიაცა და საცხადაცა, არაყი რო მთხოვა, არაყი არა მქონდა, ლიკიორის ნარჩენაი მქონდა და პურ-წყალზე და იმაზე შენდობა უთხარ, მზე მოსვლითა…

გუმანით ვიცი, რომ გულქანი მამის სამარის კარზე არ ყოფილა, მაინც ვეკითხები: მამის სამარე თუ გინახავს-მეთქი? დიდხანს მიყურებს თვალდაუხრელად…
მე მამის სამარე არ მინახავ, იქავ გავთავდები.
ისე მივდივარ სამარეში, მამის სამარე არ მინახავ. რო დამიწყებენ, განახვებთო, ვატყუებ, ვყოფილვარო, ზოგთა. ეთერო, შენ იცოდე სიმართლე, რო მე მამის სამარე არ მინახავ, არა, ქალო, არ შემიძლავ იმის საფლავის ნახვა, არა. მე ვინც მიყვარდა, იმის საფლავს რა მანახვებს. არა ვნახავ იმის სამარესა, არა. წარმოვიდგენ, რო ძვლებიღაა და რანაირათ უნდა ავიტანო, იქავ გავთავდები, იქავა.”