2 ნოემბერი, 2020

ვაჟა ფშაველას უმნიშვნელოვანესი მოგონება

ვაჟა ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა მისი შემოქმედების მოყვარულებმა კარგად იციან, თუმცა არის ეპიზოდები ლუკა რაზიკაშვილის ცხოვრებაში, რომლებიც განსაკუთრებულია.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გაგიზიარებთ, რომელიც ლუკასა და მისი ძმის გიორგის პეტერბურგში ცხოვრების დროს ერთ-ერთ გერმანელ სტუდენტთან შეხვედრის დროს მოხდა. პეტერბურგში რაზიკაშვილებს ფული გამოელიათ და მშივრები ქუჩაში შეხვდნენ გერმანელს, რომელმაც ძმებს ბილიარდის თამაში შესთავაზა, ვინც წააგებდა, სადილის ფულსაც ის გადაიხდიდა.

ამ ამბავს ვაჟა თავის მოგონებებში იხსენებდა:

“ლუდხანაში ჩავედით. ჩემი ძმაც აქ არის, იმედი მაქვს, რომ მოვიგებ. მამხნევებს ჩემი ძმა, თვალს მიკრავს და მეუბნება: ეგრე ძმაო, ეგრე ვაჟა, ერთი მუცელი ამოვივსოთო. თამაში ჩემს სასარგებლოდ დასრულდა და ჩვენ უკვე სადილისთვის ვემზადებოდით, მაგრამ საპირფარეშოში გასული გერმანელი არ დაბრუნებულა.

როგორც მერე გავიგე, თურმე ფული მასაც არ ჰქონდა. ბილიარდის პატრონმა გვიყურა და ბილიარდის ფული მოგვთხოვა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. ვეუბნები ამ კაცს, რომ ფული წაგებულმა უნდა გადაიხადოს, დაიცა, მოვა გერმანელი და გადაიხდის-მეთქი, მაგრამ ის დაუყოვნებლივ მოითხოვდა ჩემგან ფულს.

ხმას უმაღლებდა, ბიჭებს ეძახის, ბიჭები მოდიან და უნდათ ქუდი წამართვან. ერთი ხელით შემეხო და მუშტი მითავაზა. სხვებიც აყვნენ. ჩემი ძმა ქორივით დაეძგერა ჩემს გამრტყმელს და ქვეშ ამოიდო, ცემა დაუწყო. მეც მკლავი გავშალე და ვისაც დავარტყი, ფეხზე არავინ დავაყენე, მეორედ შემოკვრა არავის სჭირდებოდა.

მეპატრონე გაჰკიოდა:

– მიშველეთ, ყაჩაღები დაგვეცნენო.

მერე ერთად მოგვესივნენ. შემოჰკრავს მუშტს გიორგი, დააპირქვავებს და შემომძახის:

– დაჰკარ ლუკურიავ, ძმაის ჭირიმე, აქა გყვანა შენი ძმა გიორგი.

20-25 კაცი დაგვესია. ბევრს ცხვირიდან სისხლი ვადინე. ბევრნი იყვნენ და დაღლილობა დაგვეტყო. გიორგი წააქციეს, მაგრამ წამოხტა ძირს დაგდებული და დამიძახა:

– ვაჟა, დაჰკარ, მე პოლიციას მოვიყვანო.
მოიყვანა პოლიციელი და ყველა მისცვივდა:
– ორი ყაჩაღი თავს დაგვესხაო.
– როგორ? – წამოიძახა პოლიციელმა, – ეს ორი, თქვენ ამდენი?
– ვინ ხართ, – შეგვეკითხა ჩვენ.
– კავკასიელები არიან ამათი დედაც… – იყვირა ერთ-ერთმა. მისკენ გავიწიე, მაგრამ პოლიციელმა დამაწყნარა და თქვა:

– სირცხვილია! აბა როგორ შევადგინო ოქმი! ამდენი ხალხი ორ კაცს უჩივის გვცემესო! – მოგვიბრუნდა მე და ჩემს ძმას და გვითხრა:

– მოშორდით! თქვენი სული არ იყოს აქო!

ასე დასრულდა ყველაფერი, მე და გიორგი კი ჩვენს გზას დავადექით.”