ვახტანგ მაჭავარიანის უმნიშვნელოვანესი წერილი

ვახტანგ მაჭავარიანის უმნიშვნელოვანესი წერილიმსოფლიოში ცნობილი ქართველი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წერილს გვთავაზობს:

“დიდმა პლატომ (პლატონმა) განმარტა, რომ ყველაფერს განაგებს განგება. ჩემი აზრით, განგება არის უზენაესი ძალის და შემქმნელის “თანაშემწე”, რომელსაც ევალება კაცობრიობის თემა.

მაშ, რა შემოგვთავაზა ჩვენ განგებამ კორონას სახით? მან შემოგვთავაზა ჩვენ ღიმილის დამალვა, ხელის არ ჩამორთმევა, ერთმანეთის არ მოხვევა ან კოცნა, ერთიურთის შიში, განრიდება, ჩაკეტვა, აგერ უკვე იმის შეთავაზება, რომ ოჯახის წევრებმა ისადილონ ცალ-ცალკე, ანუ სრული გათიშვა.

ურთიერთობის ათასწლეული ტრადიცია ხომ არის ღიმილი, ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, კოცნა, ერთად ვახშამი და ა.შ. სწორედ აქ ჩაგვარტყა კორონამ. მეგობარს ეშინია მეგობრის, ნათესავს – ნათესავის. უახლოესი ადამიანის დაკრძალვის ცერემონიაც კი შეიცვალა. დაბუდდა ტოტალური შიში, ადამიანს ეშინია ადამიანის!

არაფერი ხდება უმიზეზოდ ბუნებაში, ეს კოშმარიც მიზეზით არის გამოწვეული და რამდენიც არ უნდა გააქილიკონ ეს თემა კომედი შოუებში, ფაქტი რჩება ფაქტად.

ჩემი რწმენით, ეს ამბავი დაგვემართა იმიტომ, რომ უკუღმართად იქცევა კაცობრიობა, და სანამ მანამ ადამიანი არ შეიცნობს ამას, არ ინანებს და არ გადაწყვეტს რომ ესოდენ ზოგად საკაცობრიო უსამართლობა არ უნდა გაგრძელდეს ამიერიდან, ანალოგიური საფრთხეები არ ასცდება ადამიანს.

ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა ჩაიხედოს როგორც საკუთარ გულში და სულში, ასევე სარკეში და აღმოფხვრას უკეთურობა გულში, სულში და საკუთარ სახეში. უსამართლობა ჰბადებს შემდეგ უსამართლობას, ერთი ცოდვა აჩენს მრავალ ცოდვას. ჩვენ ვსვამთ ვიტამინებს და ა.შ. ჩვენი იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ასევე საჭიროა სულიერი ვიტამინები სულის, გულის, გონის და სხეულის გადასარჩენად.

რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არის. პირადად მე, სიმძიმეებით დატვირთული, ვცდილობ და ვებრძვი საკუთარ თავს.”