1 ნოემბერი, 2020

უნიჭიერესი მერილ სტრიპის უმნიშვნელოვანესი წერილი

მსოფლიო ვარსკვლავს მერილ სტრიპს თავისი ნიჭიერებით თუ სილამაზით გულშემატკივართა მთელი არმია ჰყავს.

სხვა ხელოვანებისგან განსხვავებით, იგი ასაკს არ უშინდება – პირიქით, ამბობს, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგ იწყება და უმნიშვნელოვანეს წერილს აქვეყნებს:

“ძალიან მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. არ არის გამორიცხული, რომ სხვას შეიძლება არ მოვწონდე, მაგრამ ეს ნაკლებად მაღელვებს, რადგან ახლა მე თავს კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ.

დამიჯერეთ, ნებისმიერმა უნდა მიიღოს საკუთარი ასაკი და შეეგუოს იმ აზრს, რომ რაც არ უნდა ეცადოს, ყოველ წელს ერთი წლით აუცილებლად “გაიზრდება”. მერწმუნეთ, ცხოვრება მშვენიერია და როცა ახლობელს კარგავ, მაშინ განსაკუთრებით გრძნობ, რომ ყოველი ახალი დღე შენთვის ახალი დღესასწაულია!

გამოგიტყდებით – რვა წლის ასაკში საკუთარ ბებიაზე ვიყავი შეყვარებული. მის კოსმეტიკურ ფანქარს ავიღებდი, სარკესთან დავდგებოდი და ნაოჭებს ვიხატავდი. ძალიან მინდოდა მეგრძნო, თუ რას ნიშნავს ბებიად ყოფნა. დედა ფოტოებს მიღებდა, რომლებიც დღემდე შენახული მაქვს და როცა მათ ვუყურებ, მეღიმება. მეღიმება იმიტომ, რომ დღეს ზუსტად ასეთი ვარ. სიბერეში ჩვენ ზუსტად ის ვართ, რაც გვინდოდა ვყოფილიყავით რვა წლის ასაკში და პირიქით, რვა წლის ასაკში ის ვართ, რაც გვინდა ვიყოთ სიბერეში.

თუ კარგად დავაკვირდებით, სინამდვილეში ჩვენ საერთოდ არ ვიცვლებით. ადამიანი პიროვნებად ადრეულ ასაკში ყალიბდება და მერე აღარც იცვლება. წლები არ ცვლის პიროვნებას, წლების მხოლოდ ჭკუას ასწავლის მას. 25 წლის ასაკში ზუსტად ვიცოდი, რა უნდა მეთამაშა და როგორ, ახლა კი, ნაკლებად ვარ ამაში დარწმუნებული და ჩემი ქედმაღლობაც სადღაც გაქრა.

რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო ძვირფასი ხდება ჩემთვის სიცოცხლე და მინდა ყველაზე ობიექტურად შევაფასო საკუთარი თავი. ახალგაზრდობაში თავქარიანი გოგო ვიყავი და ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ოდესმე აუცილებლად დადგება დასასრული. ორი უძვირფასესი ადამიანის დაკარგვის შემდეგ კი საბოლოოდ მივხვდი, რომ შესაძლოა მეც სულ რამდენიმე წამი დამრჩა!

ჩემო ძვირფასებო, ამ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება და სწორედ ესაა მისი აზრიც. ვიღაცამ მითხრა, რომ ცხოვრების აზრი მისით ტკბობაშია და აბა, როგორ არ დავეთანხმო?! ბედნიერები უნდა იყოთ, იმისთვის, რომ მოგეცათ შესაძლებლობა იცხოვროთ აქ, ახლა და რომ აკეთებთ საყვარელ საქმეს. ჩემთვის ეს კინოში გადაღება და ის შესაძლებლობაა, რომელსაც ცხოვრება მთავაზობს. ეს ჩემთვის ნამდვილი საოცრებაა, რადგან წლების წინ ჩემი ასაკის ქალებისთვის ცხოვრება უკვე დასრულებული იყო და ისინი ცალი ფეხით მოხუცებულთა თავშესაფარში იყვნენ.

ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვამბობ – მე არ მეშინია სიბერის. ჯერ კიდევ სავსე ვარ ენერგიით და მზად ვარ ის უშურველად გავცე. მე არ ვთვლი საკუთარ თავს მიმზიდველ ქალად და სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს სხვა რას ფიქრობს!”