ულამაზესი მიძღვნა გიორგი შავგულიძეს

ულამაზესი მიძღვნა გიორგი შავგულიძესთეატრისა და კინოს უბადლო მსახიობის გიორგი შავგულიძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ათასობით ადამიანს დაწყვიტა გული და ცხარე ცრემლითაც ატირა.

თავისი სატკივარი პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ ლექსის სტროფებში გააცოცხლა:

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს
მსახიობ გიორგი შავგულიძის ხსოვნას

რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც –
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.

ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს –
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.

მისი დაკარგვის მწარეა განცდა
(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან –
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.

და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,
თვალს მოვკრავთ ღიმილს –
ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს…

და თითქოს ვითვლით – ისევ და ისევ
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ:
ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!