25 ნოემბერი, 2020

რეზო თაბუკაშვილის ანდერძი XXI საუკუნის ქართველებს

მწერალმა, რეჟისორმა და სცენარისტმა რეზო თაბუკაშვილმა მომავალ თაობებს უმნიშვნელოვანესი წერილი დაუტოვა, რომელიც შეიძლება მის ანდერძადაც კი მივიჩნიოთ XXI საუკუნის ქართველებისთვის.

ეს არის ტექსტი დოკუმენტური ფილმისთვის “ნაძარცვის კვალდაკვალ”:

“სულით უღრუბლო და მოწმენდილო წინაპარო ჩემო, ზოგჯერ უსაფლავო და დაუტირებელო უცხო ძვალშესალაგებში. უსაქართველოდ დარჩენილი საქართველოთი რომ ცხოვრობდი, ხმლითა და გონებით რომ იღწვოდი საქართველოსთვის, მაშინაც კი როცა სამშობლო შენი, სამკვიდრო შენი იმ ჩიტს ჰგავდა, ღობეს რომ ეხვეწებოდა, ქარს ნუ გამატანო.

დღეს შენს ნაკვალევზე დავდივართ შენი შთამომავალნი, ღამეულად გამოსულნი იმ საუნჯის საძებნელად, ჩვენთვის რომ გქონდათ საკაიდღეოდ დაუნჯებული, მაგრამ ეშმაკთმიმგებლების ხელით ქვეყნად რომ მიმოიფანტა, როგორც მარგალიტები უდაბნოში.

ამ მიმოფანტული ეროვნული მშვენიერების კვალზე შედგომა ალბათ უკვე თქვენ დაგედებათ ვალად – XXI საუკუნის ქართველებო, რომლებიც ჯერ არც კი დაბადებულხართ, ან მხოლოდ ახლა იბადებით. ღმერთმა უტყუარი გეში, ყისმათი და ნათელი დღენი მოგცეთ ჩვენი საუნჯის სამძებრო გზებზე ხეტიალით. უკუგეფანტოთ ყველა, ვინც წინ აღგიდგეთ – სიბრძნით აღჭურვილი მტერიც და ბრიყვი მოუსმინარი შინმყოფი მოკეთეც.”