გურამ ასათიანის წერილი მუხრან მაჭავარიანზე

გურამ ასათიანის წერილი მუხრან მაჭავარიანზეკრიტიკოსმა და ლიტერატურათმცოდნემ გურამ ასათიანმა პოეტ მუხრან მაჭავარიანს წერილი მიუძღვნა:

“ნამდვილი პოეტი ისაა, ვინც “ერთი მერცხლისგან” განსხვავებით, თვითონ მოიყვანს გაზაფხულს…

მუხრან მაჭავარიანმა შეძლო, თავისი გაზაფხული მოეყვანა ქართულ პოეზიაში.

არა მგონია, ომის შემდეგ ვინმეს მისამართით უფრო ხშირად გახსენებოდეთ სიტყვა “ნოვატორი”.

მე თვითონ ერთი პირველ “მუხრანოლოგთაგანი” ვარ და ზოგიერთი რამ დამეჯერება. მისი სახელი კი პირველად 1954 წელს გავიგონე შუა რუსეთში… მურმან ლებანიძემ მომახარა. ზეპირად წამიკითხა მოსკოვიდან თბილისისკენ მომავალ მატარებელში მისი “სამება” და “ვახტანგ მეფის ნანადირევი”.

ახლა ამ ლექსებს უკვე შეეჩვია ქართველი მკითხველის სმენა. მაშინ სხვა იყო: ყოველი სიტყვა უჩვეულოდ ჟღერდა. განსაკუთრებით კი – ინტონაცია.

უცნაური “ნოვატორი” გამოდგა მუხრან მაჭავარიანი. თითქოს ყველაფერი არივ-დარია, მაგრამ, როცა გამოვერკვიეთ, აღმოჩნდა, რომ ერთი წუთითაც არ მოუწყვეტია თვალი წარსულისათვის, ტრადიციულისათვის, “მარად ქართულისათვის”.

მახსოვს მასთან პირველი ნაცნობობა. ნელი სეირნობა და უფრო ნელი საუბრები ელბაქიძის დაღმართზე – დიდხანს, ზოგჯერ დილის ცისკრამდე (ჩვენი “ცისკარიც” მაშინ ამოდიოდა).

როგორც პოეტების უმრავლესობა, ისიც გამოუსწორებელი ეგოცენტრიკოსია. ზოგს ასეთი რამ აღიზიანებს, მაგრამ პოეტმა რომ თავის თავს ყურადღება დააკლოს, რა გამოვა? როგორღა გაიგონებს იმ ხმებს, მისი სულის სიღრმეში რომ იბადებიან?

ეგოცენტრიზმი მუხრან მაჭავარიანს ხელს არ უშლის ადამიანებისადმი, საერთოდ, ცოცხალი არსებებისადმი ღრმა და კეთილ სიყვარულში.

ცხოვრებაშიც დაახლოებით ისეთია, როგორც პოეზიაში. საოცრად რბილი, ბავშვური გაღიმება იცის. სულგრძელობის მადლი გადაეფინება ხოლმე სახეზე.

მე ის იმთავითვე ჯანმრთელ კაცად მომეჩვენა და ახლაც ასე ვფიქრობ. სხვას რომ თავი დავანებოთ, მისი სიცილის გამო.

ვისაც ეს სიცილი ერთხელ მაინც სმენია, უთუოდ დამეთანხმება: ასე ჩვენს დროში, ჩვენ გარშემო აღარავინ იცინის. ამგვარ ხმებს ალბათ ჩვენი პლანეტის უძველესი მკვიდრნი – ბავშვებივით უწყინარი ვეებერთელა არსებები გამოსცემდნენ მზის, ლორთქო ბალახის, ცისარტყელას ან რაიმე სხვა საამო სანახაობის ხილვისას.
მუხრან მაჭავარიანის სიკეთე არც ისე უწყინარია, როგორც ადრე გვეგონა.

მან იცის მედგარი, თავდავიწყებული ბრძოლა იმისათვის, რაც სწამს და არ ემეტება.

ახალგაზრდობას შეუძლია ზოგიერთი რამ ისწავლოს მისგან. ფორმალურ მიბაძვას აზრი არა აქვს. ის ისეთი ყალიბის შემოქმედთა რიგიდანაა, რომლებიც თავისთავადობით ჩანან და ბრწყინავენ. არც მისი თეორიული მოსაზრებები გამოდგება ნორმატიული პოეტიკის კურსისათვის. საერთოდ, თეორია ასეთი პოეტების სტიქია არ არის. “საბას” ავტორისაგან მომდევნოებმა, ჩემი აზით, საკუთარი ბუნებისადმი უტეხი ერთგულების მაგალითი უნდა გადმოიღონ და, არანაკლებ, შინაგანი, თანდაყოლილი რწმენაც იმისა, რომ პოეზიაში მთავარია არა უკვე დამკვიდრებულის დაუფლება, არამედ იმაზე ზრუნვა, რაც ჯერ მუნჯია, უენოა და სწორედ შენგან, მაინცდამაინც შენგან მოელის ამეტყველებას.

ამას დიდი გაბედულება სჭირდება და დიდი ძალისხმევაც.

მუხრან მაჭავარიანი პოეტების ძლიერ ჯიშს ეკუთვნის. მისი ძლიერება რამდენიმე ნიშნით განისაზღვრება. ჯერ ერთი, ძლიერი მუხლით. ეს ის ძალაა, რომელიც გაქანებული მატარებლიდან გადმომხტარს, ფეხზე გაჩერების საშუალებას გაძლევს – ინერციის დამძლევი ძალა.

ასე “მიქროდა” ქართული პოეზია თავისი გზით, როცა ახალგაზრდა მუხრან მაჭავარიანმა მოულოდნელი ნახტომი გააკეთა. ეს მოხდა 50-იან წლებში.

მეორე: ძლიერი, ურყევი ხასიათით. ძლიერი პიროვნება იმარჯვებს ან მარცხდება. მხოლოდ ერთი რამ არ ძალუძს: დანებება. სამაგიეროდ გამარჯვებაც მისია და მარცხიც – მისი პიროვნული ნიშნით აღბეჭდილი.

მესამე: ძლიერი ხმით.
ის, რისი თქმაც მან შეძლო, სხვებმაც სცადეს, მაგრამ მხოლოდ მან მოახერხა ასე ხმამაღლა, შთამბეჭდავად, ყველასათვის გასაგონად ეთქვა. საგულისხმოა ისიც, რომ მას განგებ არ “დაუბოხებია” ხმა, ასეთი გრგვინვა მუხრანის ლექსს თვით ბუნებამ მისცა.

ორმოცდაათი წელი საიუბილეო ასაკი არ არის, აკაკი წერეთელმა თავისი უძლიერესი ლექსები ამის შემდეგ დაწერა, იუბილეც გაცილებით გვიან გადაუხადეს. ღმერთმა ქნას, საწერეთლოდან მოვლენილ მეორე პოეტსაც ასეთი ხვედრი ჰქონდეს მომზადებული.

იშვიათია მწერალი, რომლის სიტყვასაც ასე მოუთმენლად მოელოდნენ და ასეთი გულისყურით უსმენდნენ მთელ საქართველოში.
ვიცი, ბევრია დაგუბებული, ბევრი დადუღდა, ბევრი რამ გადადნა და დაკრისტალდა შენი გულის საკირეში, ძვირფასო მუხრან!”