24 ნოემბერი, 2020

გულისყურით მოუსმინეთ ნიკო ლორთქიფანიძეს

მწერალმა ნიკო ლორთქიფანიძემ თითოეულ ჩვენთაგანს დაგვიტოვა ძალიან პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი, რომელშიც ჩვენი სამშობლოს – საქართველოს მოვლას გვთხოვს:

“კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ უცნობ კარების წინ ვდგევართ… ფარდები კართა უკვე ათრთოლდენ და გაშლისთანავე ან დავინახავთ ნანატრ ბედნიერებას, ან სამარადისო წყვდიადის მსხვერპლნი შევიქნებით.
ამ აზრს ვუტრიალებ ყოველის მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო გალუცინაციები.

ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხშირათ მოჩანს თეთრი თოვლით დაფარული მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის, ვით ხმა ნაზი ქალწულისა:

მოუარეთ საქართველოს!

მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, თალხით მოსილ ჭირისუფალსავით რომ დასცქერიან ქუთაისს, უხმოთ მეტყველებენ:

მოუარეთ საქართველოს!

ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობება სულის მესაიდუმლე შოთა, და ბრძანების კილოთი ამბობს:

მოუარეთ საქართველოს!

ღამის წყვდიადში ყურს მოვკრავ მდინარეთა გალობა-სიმღერას; იწყებს მკვირცხლი რიონი; შემოსძახებს გიჟმაჟი თერგი და ბანს ეუბნება დინჯი მტკვარი:

მოუარეთ საქართველოს!

ნუთუ, ბატონო ჩემო, გუშინწინ რომ კოკისპირულმა წვიმამ დაასხა, არ გაგიგონიათ გაუთავებელი, გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა:

მოუარეთ საქართველოს!”