ძალიან მოკრძალებული წერილი რამაზ პატარიძეს

ძალიან მოკრძალებული წერილი რამაზ პატარიძესანბანთმცოდნეობის ქურუმს რამაზ პატარიძეს ყველაზე მოკრძალებული წერილი ჯერ კიდევ 2017 წელს პოეტმა რეზო ამაშუკელმა მისწერა:

“ღია წერილი ბატონ რამაზ პატარიძეს

რამაზ ბატონო!

ნება მომეცით, ჩემი დიდი პატივისცემა, უფრო სწორად, ჩემი უკიდეგანო თაყვანისცემა დაგიდასტუროთ და პატიება გთხოვოთ იმ ქართველობის სახელით, ვინც ნამდვილად იცის თქვენი ფასი და დამსახურება იმის გამო, რომ, ჯერჯერობით, ერმა ვერ შეძლო ღირსეულად დაეხარა თავი თქვენს წინაშე.

თქვენი ცხოვრება, დღენიადაგ, ქვის კოდვას ჰგავს, რომელიც თქვენ მისხალ-მისხალ საქართველოს შესწირეთ, დაყუდებული ბერის ასკეტური გაუტეხლობით, რათა ჩვენს ჯიშსა და მოდგმას, მომავალშიც ამაყად და თავაწეულს ევლო ამ ცოდვილ, ამღვრეულ და სისხლიან დედამიწაზე.

“აირევი ივერია” – ეს ორი სიტყვა ისე, სხვათა შორის, ოხვრას ამოაყოლა მე-20 საუკუნის მსოფლიო გენიოსმა და, აჰა, რას ვგავართ ჩვენ დღეს?!

– ვაი, რომ ბევრის, ძალიან ბევრის ძარღვში სისხლის ნაცვლად, შარდი მიმოდის და ვინ საით ექაჩება, საით გლეჯს და წიწკნის ამ დედა-დედოფლის კუთვნილ სამოთხეს და უფლის სავანეს?!..

– დედაენა! – აი, ნიშანი და უპირველესი დასტური ჩვენი ქართველობის, ჩვენი არსობის და მარადიული ბეჭედი იმისა, რომ შეუძლებელია მსოფლიო ცივილიზაციის განხილვა იმ ერის წარსულისა და აწმყოს გარეშე, ვისაც ენა და დამწერლობა ეკუთვნის!

აი, ამას, ამ საშვილიშვილო საქმეს ემსახურეთ თქვენ მთელი თქვენი ცხოვრება!

დგახართ ვალმოხდილი, ნაომარი და ნაღვაწი და თავზე დაგნათით ქართული ასოები, როგორც “გუნდი და გუნდი ვარსკვლავი”, როგორც წინაპართა ნათელი, ვინაც თვალისჩინივით გამოატარა ამდენ სისხლის წვიმებში დედაენა, ქართველთა ხელთუქმნელი ანბანი, როგორც გვირგვინი, ჩვენი ზნეობის და სულიერების!

– ექმენ უფალო მწედ და მფარველად, ერისთვის საჩინო და გამორჩეულ რამაზ პატარიძეს!

მოკრძალებით რეზო ამაშუკელი, 7 ოქტომბერი, 2017 წელი.”

პ.ს. რამაზ პატარიძეს უკანასკნელ გზაზე ხუთშაბათს, 5 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძრიდან გააცილებენ.